„ჰეთ-თრიკი პირველ წრეში? ახლა სულ სხვა მატჩი იქნება“ - ზურიკო ოსერზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა გარემარბმა, ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩიც გაიხსენა, რომელშიც მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.
რა თქვა ზურიკომ:
„პირველი წრის შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება, თუმცა ახლა სრულიად სხვა მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინაიდან ახალი მწვრთნელი გვყავს.
პირადად მე თავს უკეთესად ვგრძნობ, „ნანტთან“ მატჩში სივრეების მოძებნა მიჭირდა, ისინი მთელი გუნდით იცავდნენ თავს. ვცდილობ, გავაუმჯობესო ჩემი თამაში“.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს გამართულ მატჩში „სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით დაამარცხა (3:1). მეორე წრის შეხვედრა გუნდებს შორის ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ზურიკომ „სენტ-ეტიენის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.