მილიარდზე მეტი - რეალის რეკორდული შემოსავალი
მადრიდის „რეალმა“ საფეხბურთო მოედნის გარეთაც ისტორიულ წარმატებას მიაღწია. „ბლანკოსი“ გახდა პირველი კლუბი სპორტის ამ სახეობაში, რომლის წლიურმა შემოსავალმაც მილიარდ ევროს გადააჭარბა. აუდიტორული კომპანია Deloitte-ს მონაცემებით, 2023-2024 წლების სეზონში სამეფო გუნდის შემოსავალმა 1,046 მილიარდი ევრო შეადგინა. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშანდელი სეზონი მადრიდელებმა 831-მილიონიანი მოგებით დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს მათი ფინანსები 26 პროცენტით გაიზარდა.
„ბლანკოსის“ მიერ მიღებული წლიური თანხიდან 483 მილიონი ევრო კომერციულ შემოსავლებზე მოდის, 316 მილიონი - ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან მოგებაზე, ხოლო ბილეთებიდან მიღებულმა სარგებელმა 248 მილიონი შეადგინა. კომერციული წარმატებები პირდაპირ არის დაკავშირებული საფეხბურთო მოედანზე მიღწეულ ტრიუმფთან - 2024 წელს „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, ხოლო ქალთა გუნდი ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ურიგოდ მადრიდელები არც წლევანდელ სეზონში გამოიყურებიან - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დიდი ალბათობით მოხვდებიან, ხოლო ესპანეთის პრიმერა დივიზიონს 20 ტურში დაგროვებული 46 ქულით ლიდერობენ.