პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი
არმან ცარუკიანი ძალიან ახლოს იყო UFC-ის სატიტულო ბრძოლასთან, მაგრამ ქამრის მოქმედ მფლობელ ისლამ მახაჩევთან ჩხუბს ზურგის ტრავმის გამო ჩაეხსნა. სომეხი მებრძოლის საჩემპიონო პრეტენზიები დროებით უნდა შეჩერდეს, მაგრამ საბრძოლო ორგანიზაციის მიღმა ის დიდი ხანია უკვე ისე ცხოვრობს, როგორც ჩემპიონი.
რუსეთის ქუჩებში არმანი Mercedes G-Wagen-ით გადაადგილდება ნომრებით A666PM, უფრო იშვიათად კი Lamborghini Urus-ით მოძრაობს, რომელიც მეორად მდგომარეობაშიც კი, მინიმუმ 69 ათასი დოლარი ღირს. ცარუკიანის სისუსტე ძვირადღირებული საათებია და დროის უმეტეს ნაწილს, მაიამის სანაპიროსთან ახლოს მდებარე აპარტამენტებში ატარებს. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მსგავსი სპორტული მიღწევები არ უნდა ჰქონდეს და სხვათა შორის, დენა უაითიც გაკვირვებული დარჩა, როდესაც ცარუკიანი Rolls-Royse Phantom-ში შენიშნა და ავტომობილს არა თავად, არამედ მისი დაქირავებული მძღოლი მართავდა.
Hustle Show-ში სტუმრად მყოფმა არმან ცარუკიანმა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა: „ჩემმა თანამემამულეებმა მაჩუქეს ავტომობილი Phantom-ი, პირადი თვითმფრინავი, ვერტმფრენი - ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. ერთ-ერთი ვახშმის შემდეგ, ძვირადღირებული რესტორნიდან გამოვედი და შემხვდნენ დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი (UFC-ის კომერციული დირექტორი), რომლებიც ჩვეულებრივ BMW-ში ისხდნენ. მე ვმოძრაობდი Phantom-ით, უკან ვიჯექი, წინ კი ერთი დაცვის თანამშრომელი და მძღოლი ისხდნენ, რომელიც ადრე დენას ატარებდა და მაშინ უკვე მე მყავდა დაქირავებული. როდესაც შუქნიშანზე გაჩერება მოგვიწია, ფანჯარა ჩავწიე და გაოგნებულმა უაითმა მკითხა: „აქ რას აკეთებ? საიდან ასეთი მანქანა?“
ის ფუფუნება, რომელშიც ცარუკიანი ცხოვრობს, მისი შემოსავლის ადეკვატური ნამდვილად არ არის. ჩარლზ ოლივეირასთან ბოლო ბრძოლისთვის არმანის ჰონორარმა 158 ათასი დოლარი შადგინა, თუმცა აქედან 40 ათასი ნევადის შტატში არსებულმა საგადასახადო ორგანოებმა ჩამოაჭრეს, ამას დაემატა მწვრთნელებისთვის და მენეჯერებისთვის გადასახდელი თანხა. ასე რომ, მისი ცხოვრების სტილი დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს და თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა მამამისისგან ნაირი ცარუკიანისგან აქვს.
მათი ოჯახის შემოსავლის წყარო რუსეთშია, სადაც არმანის მამის სამშენებლო კომპანიები დიდ სახელმწიფო კონტრაქტებს რეგულარულად იღებენ. პირველი ფირმა ნაირიმ სახელწოდებით „000 დიქტისი“ ხაბაროვსკში დააარსა და მას შემდეგ მისი ქონება საგრძნობლად გაიზარდა. 2021 წელს, გაუგებარი მიზეზების გამო, ცარუკიანებმა ამ ფირმის გაბანკროტება გამოაცხადეს და მის ბაზაზე იდენტური კომპანია „CK დიქტისი“ დააფუძნეს, რომელიც იგივე საქმეებით იყო დაკავებული, უბრალოდ დამფუძნებლად არმანის მამის ნაცვლად, დედის ანაიდ აკოპიანის გვარი ჩაწერეს. ფაქტია, რომ ეს კომპანია მის წინამორბედზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა და დაარსების დღიდან დღემდე სახელმწიფო კონტრაქტებიდან 10 მილიონი დოლარი მიიღო. გარდა სამშენებლო საქმეებისა, ეს ფირმა გზების შეკეთებითაც არიან დაკავებული.
სამშენებლო საქმეებით იყო დაკავებული არმანის ძმაც, მაგრამ მამისგან და დედისგან განსხვავებით, არტურ ცარუკიანის კომპანიამ სახელმწიფო ტენდერები ვერ მოიგო, მხოლოდ 120 ათასი დოლარი მოგება ნახა და მალევე დაიხურა. ოჯახის წევრების ბიზნესში არმანი საერთოდ არ ერევა, თუმცა საკუთარი საქმეები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე წამოიწყო და ფირმა სახელწოდებით Armageddon Sport Club დაარეგისტრირა, რომელიც მაიამიში სანაპიროზე მდებარე აპარტამენტებს ფლობს, სადაც 150 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ერთი ბინის ღირებულება 1,4 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ერთთვიანი ქირაობა 7 500 დოლარი ჯდება.
რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, აპარტამენტები სომეხ მებრძოლს არ ეკუთვნის, არამედ მისი მფლობელები ვინმე არმენ და კარინა კეშაბიანები არიან, რომლებიც ფურცელზე ცარუკიანთან მხოლოდ იმით არიან დაკავშირებულები, რომ სოციალურ ქსელში მისი ექაუნთი აქვთ გამოწერილი. UFC-ის სომეხი მებრძოლი ზუსტად მაშინ იყო ფლორიდაში, როდესაც ფირმა დარეგისტრირდა, თუმცა მაშინ ის ალიგატორებზე ნადირობით იყო დაკავებული და სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.
კამარა უსმანთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ როდესაც საჩემპიონო ქამარს მოიგებს, იჩხუბებს იქ, სადაც UFC-ზე მეტ ფულს გადაუხდიან, თუმცა აშკარაა, რომ ლოდინი მოუწევს, რადგან დენა უაითმა აღნიშნა, რომ ცარუკიანს საკუთარი ამბიციების დასამტკიცებლად კიდევ ორი-სამი ბრძოლის ჩატარება მოუწევს.