„მერაბის დამარცხება შემიძლია“ - სენდჰეგენი მანქანას ემუქრება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა თავის იუთუბ არხზე მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმგომედოვის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. 32 წლის მებრძოლმა განაცხადა, რომ მას „ქართველი მანქანას“ დამარცხება და ქამრის წართმევა შეუძლია.
რას ამბობს სენდჰეგენი:
„უმარი ნამდვილად კარგი მებრძოლია, მაგრამ რაც მან მერაბის წინააღმდეგ გააკეთა, გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. უმარმა მომიგო და ვაღიარებ, რომ სტილისტურად ჩემზე უკეთესია და როგორც ამბობენ, ჩხუბს სწორედ სტილი ქმნის. თუ მერაბის წინააღმდეგ ბრძოლას და გამარჯვებას აპირებ, სახასიათო სტილი უნდა ჰქონდეს, ფეხით კარგად უნდა მუშაობდე, რათა თეიქდაუნებისგან თავი ენერგოეფექტური გზით დაიცვა. როდესაც მერაბი ომალის შეებრძოლა, დიდი უპირატესობით აჯობა, იგივე უქნა იანსაც, შემდეგ უმარსაც. ეს სამივე ბიჭი რეიტინგში ჩემზე წინ არის, შესაბამისად, საჩემპიონო ჩხუბის რიგში შემდეგ მე უნდა ვიყო“.
„კარგად მესმის, რომ ახლა ჩვენი ბრძოლა შესაძლოა, კარგად გაყიდვადი არ იყოს, ამიტომ არ ვაპირებ ეს აზრი თავზე მოგახვიოთ, რადგან იცით, რომ არ მომწონს ამის გაკეთება. მაგრამ მგონია, რომ თუ არსებობს სტილი, რითაც მერაბს აჯობებ, ეს არის სტილი, რომელსაც სივრცეების კარგად გაკონტროლება შეუძლია. ჩემს სტილზე რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ალბათ, ამ დივიზიონში ფეხით მუშაობაში საუკეთესო ვარ, სივრცეს კარგად და ფეხზე ადგილს კარგად ვინარჩუნებ. ამას ამ დივიზიონში ყველა მებრძოლზე კარგად ვაკეთებ. მგონია, რომ მერაბს მხოლოდ ასე აჯობებ. ასე რომ, როცა მასთან ვიბრძოლებ, უკვე წარმოდგენილი მაქვს, თუ როგორ კარგად გავაკეთებ ჩემს სამუშაოს“.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა მერაბთან ბრძოლამდე სწორედ კორი სენდჰეგენი დაამარცხა და „მანქანასთან“ ჩხუბის უფლება ამ ბრძოლის შემდეგ მოიპოვა. ამერიკელ მებრძოლს MMA-ში 17 მოგება და 5 მარცხი აქვს, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში კი მე-4 ადგილს იკავებს.
მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება. „მანქანა“ ორივე მებრძოლთან საჩხუბრად მზად არის.