ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

UFC-ის ჰონორარების სისტემა - მოიკანომ მახაჩევზე მეტი მიიღო

UFC 311-ზე ისლამ მახაჩევმა ტრავმირებული არმან ცარუკიანის ბრაზილიელი შემცვლელი რენატო მოიკანო დამაჯერებლად, პირველივე რაუნდში იოლად დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მსუბუქ წონით დივიზიონში სარეკორდოდ დაიცვა. ისლამის გამარჯვებას კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, მიღებულმა ჰონორარმა კი დატოვა. ღონისძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდა ის თანხები, რომლებიც მთავარი ორთაბრძოლის მონაწილეებმა დაიმსახურეს და აღმოჩნდა, რომ მახაჩევს 200 ათასი დოლარი, ხოლო დამარცხებულ მოიკანოს, მასზე 50 ათასით მეტი, 250 ათასი დოლარი გადაუხადეს.

ვაზუსტებთ: მოიკანომ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლაში შემცვლელის ამპლუაში იჩხუბა და ამის გამო 50 ათასით მეტი მიიღო. ღონისძიების წინ მისი მაჩვენებლები 12-5-ზე იყო და რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებდა. სტანდარტული კონტრაქტის თანახმად, ბრაზილიელისთვის მხოლოდ ბრძოლაზე გასვლისთვის 125 ათასი უნდა შეეთავაზებინათ, ამდენივე კი გამარჯვების შემთხვევაში - სწორედ ასეთ სქემას იყენებს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი სპორტსმენების 95 პროცენტის შემთხვევაში. მოიკანომ და ბენეილ დარიუშმა (მისი თავდაპირველი ოპონენტი) მიიღეს თანხა, რომელსაც მოგების შემთხვევაში როგორც ერთი, ასევე მეორე ელოდა. დარიუშის შემთხვევაში ეს ინფორმაცია თავად მან დაადასტურა, მოიკანომ კი 250 ათასი დოლარი მახაჩევთან 245 წამში წაგებულ ბრძოლაში გამოიმუშავა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამართული პირველი ბრძოლის შემდეგ, ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ მისი გარანტირებული ჰონორარი მილიონ დოლარამდეც კი არ აღწევდა, ხოლო ტრანსლაციების გაყიდვიდან მიღებული პროცენტები ჯერ დათვლილი არ ჰქონდა. ამის შემდეგ იყო იმავე ვოლკანოვსკის კიდევ ერთხელ ძლევა და დასტინ პორიეს დამარცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისლამმა ბიუჯეტი კიდევ 2 მილიონით შეივსო.

2019 წელს UFC-მ პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ESPN-თან, რამაც ფინანსური მოდელი მთლიანად შეცვალა. ორგანიზაცია იღებს ფიქსირებულ ყოველწლიურ გადასახადს, ხოლო ESPN-ი შემოსავალს გაყიდული ტრანსლაციებიდან. ბუნებრივია შემცირებული შემოსავლების გამო, ბევრ მებრძოლს გაუჩნდა პრეტენზიები და აღნიშნავდნენ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელები თანხების მონოპოლიზაციას ახდენდნენ, თუმცა ამას სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ გამოუღია.

ბოლო მებრძოლი, რომელმაც ნორმალური ჰონორარი მიიღო, კონორ მაკგრეგორია. ირლანდიელს ედი ალვარესთან ბრძოლისთვის 6,8 მილიონი დოლარი ერგო. ასევე გასახსენებელია ჟორჟ სენ-პიერის შემოსავალი, ვისაც ჯეიკ შილდსთან ჩხუბისთვის 4,3 მილიონი მისცეს, მაგრამ ეს შორეულ 2011 წელს იყო.

რა ხდება ახლა? საერთო ჯამში გამოთვალეს და დადგინდა, რომ ტრანსლაციების გაყიდვიდან შემოსული თანხის გადათვლის შემდეგ, მახაჩევს იმხელა ფულს ჩაურიცხავენ, რომ მისი ჰონორარი 4 მილიონ დოლარამდე მიაღწევს. შესაბამისად, ის უსამართლობა, რისი შეგრძნებაც მოიკანოს მიერ აღებულმა უფრო მეტმა ფულმა გამოიწვია, შედარებით გაწონასწორდება, თუმცა ეს არა ორგანიზაციის, არამედ სპონსორების დამსახურება იქნება.

200 ათასი დოლარი ეს არის ეგრეთწოდებული დეკლარირებული თანხა შტატებში გამართული ტურნირებისთვის. სკანდალურად ცოტა იყო ფედორ ემელიანენკოს ჰონორარი ანდრეი ორლოვსკის დამარცხებისთვისაც, როდესაც მან 300 ათასი მიიღო და აღნიშნა, რომ ფულის შოვნისთვის კალიფორნია იდეალური ადგილი არ არის. არავინ აღიარებს, მაგრამ რთული პოლიტიკური სიტუაცია რუს მებრძოლებს ამერიკაში გამომუშავებული ფულის აღებაში ხელს უშლით, რის გამოც არსებობს ვერსია, რომ მახაჩევი და სხვები ბონუსებს  რიცხავენ დუბაიში, ან აბუ-დაბიში იურიდიული პირის ანგარიშზე და თანხას იქიდან მოგვიანებით იღებენ.

ტოპ-მებრძოლის სტატუსის მიღებისა და გამდიდრების შემდეგ, ისლამ მახაჩევი მამამისს პომიდვრის ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარა, მაგრამ ეს მათი ერთადერთი შემოსავალი არ არის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ისლამის სოციალურ ქსელში გამოჩნდა პარტნიორული სტატუსები სპორტული ეკიპირების, მობილური აპლიკაციების, ტანსაცმლის ბრენდების, საინვესტიციო პლატფორმებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ღონისძიებათა სააგენტოს რეკლამირებით.

იმის გამო, რომ მისი აზრით ეს ახალგაზრდებისთვის მავნებელია, მახაჩევი MMA-ს მებრძოლებში საკმაოდ პოპულარულ ენერგეტიკულ სასმელებს არ არეკლამებს, სამაგიეროდ საპატიო და ხშირი სტუმარია მახაჩკალის „დინამოს“ მატჩებზე, ძიუდოს ტურნირებზე საფრანგეთსა და ბიშკეკში. 2024 წლიდან კი მსხვილ რუსულ სარეკლამო სააგენტოსთან თანამშრომლობს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივია მცირე თანხა UFC-ის ბონუსებთან შედარებით, მაგრამ მახაჩევისთვის მაინც დამატებითი შემოსავლის წყაროა და შესაბამისად, საქმე საწუწუნოდ მაინც არ უნდა ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მენდესი: იმედი მაქვს, UFC ცარუკიანს შანსს მისცემს
მენდესი: იმედი მაქვს, UFC ცარუკიანს შანსს მისცემს