„სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის ექნება“ - ლუის ენრიკე სიტისთან გამარჯვების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-7 მატჩში, პსჟ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ენრიკემ:
„ვფიქრობ, უკვე სრულყოფილი გუნდი ვართ. ოთხი გოლი გავიტანეთ, ორჯერ ბურთი ძელს გავარტყით და მთლიან მატჩს ვაკონტროლებდით, ეს ყველაფერი კი ასეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ მოხდა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი გოლი იყო, რომელიც ბარკოლას ბრწყინვალე მოქმედებას მოჰყვა. ამან თამაშში მალე დაგვაბრუნა და სწორედ ეს იყო ამ მატჩის შემოტრიალების მთავარი შესაძლებლობა“.
„გუნდში რაც უფრო დიდი კონკურენცია იქნება, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთ მოთამაშეს შეუძლია ჩათვალოს თავისი პოზიცია ხელშეუხებლად. ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც არასდროს ნებდებიან, მაგალითად რამუშს და ერნანდესს მოვიყვან“.
„ეს მატჩი ჩემს ფეხბურთელებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ისინი ახალგაზრდები არიან და მსგავს თამაშებში დიდ გამოცდილებას იღებენ. ეს გუნდი არასდროს დანებდება მაშინაც კი, თუ მეტოქეს ორი გოლით ჩამორჩება“.
„ინტენსივობის გათვალისწინებით, „ბაიერნთანაც“ მსგავსი დონის მატჩი იყო, დღეს კი განსხვავება მხოლოდ შედეგია და ხალხის გონებაშიც მხოლოდ გამარჯვება რჩება. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. როდესაც ბურთს ვკარგავთ, მაშინვე პრესინგზე გადავდივართ და სანამ ბურთს არ მოვიპოვებთ, ამას არ ვწყვეტთ. ვამაყობ, რომ ამ საღამოს, ასეთი გუნდის, ასეთი მენეჯერისა და ასეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ასეთი წარმოდგენა დავდგით“.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც პსჟ-ს 1 კვირის წინ შეუერთდა. ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დახმარებას მხოლოდ პლეი-ოფიდან შეძლებს.
7 ტურის შემდეგ, პსჟ ჯგუფური ფაზის სატურნირო ცხრილში 10 ქულით 22-ე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში ლუის ენრიკეს გუნდი სტუმრად „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 იანვარს გაიმართება.