180 დღით მოკვეთეს - უმარის სასჯელი
მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში დამარცხებულ უმარ ნურმაგომედოვს სერიოზული სასჯელი დააკისრეს - ხელის მოტეხილობის გამო, მას კალიფორნიის სპორტულმა კომისიამ UFC-ის ბრძოლების გამართვა 180 დღით აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას MMA Junkie ავრცელებს, სადაც ასევე ისიც წერია, რომ მცირე, ერთკვირიანი დისკვალიფიკაცია ქართველმა „მანქანამაც“ მიიღო, რომელსაც ვადა უკვე მომავალ ორშაბათს გაუვა.
რაც შეეხება უმარს, ფაქტია, რომ ის ოქტაგონზე მინიმუმ 20 ივლისამდე ვეღარ გავა, თუმცა ეს მისთვის წესით და რიგით ტრაგედია არ უნდა იყოს, რადგან როგორც მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ალი აბდელ-აზიზმა განაცხადა, ნურმაგომედოვს ხელზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რის გამოც მისი დაბრუნება 2025 წლის შუაში, ან ბოლოს იგეგმება.
დაღესტნელი მებრძოლის ხელის მოტეხვასთან დაკავშირებით კომენტარი მისმა მენეჯერმაც გააკეთა - ხავიერ მენდესის თქმით, მას და ხაბიბს ბრძოლის დროს უმარმა ხელის მოტეხილობა დაუმალა და მათ რომ ეს თავიდანვე სცოდნოდათ, საბრძოლო სტრატეგიას შეცვლიდნენ.