აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შახტარმა ბრესტი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურში დონეცკის „შახტარმა“ ფრანგულ „ბრესტს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
დონეცკელები მე-18 წუთზე კევინის გოლით დაწინაურდა და სათამაშო უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.
შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 90 წუთიც ითამაშა ირაკლი აზაროვმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 31-ე წუთზე საქართველოს ნაკრების (ბოლო დროს 21-წლამდელების) მარცხენა მცველმა გუნდელს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა, თუმცა ეპიზოდი გოლით არ დასრულდა და საგოლე პასი მის აქტივში ვერ ჩაიწერა.
თუმცა 36-ე წუთზე აზაროვი შეტევაში ამჯერად თავად ჩაერთო, კარგადაც გაიხსნა, სუდაკოვმა დიდებული პასიც გაუკეთა და ქართველმა პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად სუდაკოვმა შეასრულა და ანგარიში 2:0 გახადა.
ირაკლიმ ორივე გუნდს შორის მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო და 7.7 ქულა დაიმსახურა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კევინმა დააფიქსირა (8.3).
საბოლოოდ, მარინო პუსიჩის გუნდმა სამი ქულა მოიპოვა და 7 ქულით 27-ე ადგილზე იმყოფება. უკრაინელებს ფლეი-ინში მოხვედრის თეორიული შანსი კვლავ აქვთ. ბოლო ტურში აზაროვის გუნდი სტუმრად „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.