ნაპოლიდან პსჟ-ში | წარმატებული ტრანსფერები და დიდი მოლოდინი კვარას მიმართ
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ ჟერმენს შეუერთდა და სულ მალე მისი დებიუტი შედგება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური გამოცემა საინტერესო სტატიას გვთავაზობს, რომელიც ნაპოლიდან პარი სენ ჟერმენში გადასულ ფეხბურთელებს ეხება.
საინტერესო ის არის, რომ კვარამდე 3 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და სამივემ მეტნაკლებად გაამართლა.
ედისონ კავანი
პალერმოში შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ურუგვაელი თავდამსხმელი ნაპოლიში გადავიდა, სადაც იტალიის თასი მოიგო და 2012/2013 წლებში სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ედისონის პარიზული სტატისტიკა შთამბეჭდავია. 7 სეზონის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 301 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 200 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მის ტიტულებს, ვეტერანი თავდამსხმელი 6-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ხოლო საფრანგეთის თასი 5-ჯერ მოიგო. საფრანგეთის სუპერ თასი კი 4-ჯერ. კავანი პსჟ-სთან ერთად 2019/2020 წლების სეზონში, რომელიც მისთვის ბოლო იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.
შეიძლება ითქვას, რომ ედისონ კავანი პარი სენ ჟერმენის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ტრანსფერია.
ეზეკილ ლავეცი
ისევე, როგორც კავანიმ, ლავეციმ ნაპოლის ისტორიაში საკმაოდ სასიამოვნო კვალი დატოვა. არგენტინელი პარტენოპეის 2007 წელს შეუერთდა და 2012 წელს დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში იტალიურ გუნდთან ერთად კოპა იტალია მოიგო, ჩაატარა 188 მატჩი, 48 გოლი გაიტანა და 58 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლავეცის პარი სენ ჟერმენში ისეთი შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონდა, როგორიც მაგალითად კავანის, მაგრამ ის მაინც შეუცვლელ წევრად ითვლებოდა. 161 მატჩი, 35 გოლი და 24 საგოლე გადაცემა.
რაც შეეხება მის პარიზულ ტიტულებს, 3-ჯერ ლიგა 1 მოიგო, ერთხელ საფრანგეთის თასი და ორჯერ საფრანგეთის სუპერ თასი. ეზეკილ ლავეცის ტრანსფერიც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.
ფაბიან რუისი
მოვედით შედარებით ახლო წარსულთან. ესპანელი ნახევარმცველი ნაპოლის ნახევარდაცვის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. 28 წლის ფეხბურთელი პარტენოპეის ღირსებას 2018/2022 წლებში იცავდა. ჩაატარა 166 მატჩში, გაიტანა 22 გოლი და 15 საგოლე პასი შეასრულა.
2022 წლის ზაფხულში რუისი პსჟ-ს შეუერთდა და საკმაო რაოდენობის მატჩებიც დაუგროვდა. 96 მატჩი, 8 გოლი, 13 საგოლე გადაცემა, თუმცა ესპანელი ფრანგული გუნდის ნახევარდაცვის მამოძრავებელ ძალად და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ნამდვილად არ ითვლება.
ამ ტრანსფერს ჯერჯერობით ბოლომდე წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა არც წარუმატებელი ეთქმის. მას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ყველაფერი წინ აქვს.
და ბოლოს, მოვედით ხვიჩა კვარაცხელიამდე. ქართველი ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენის ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია(75 მილიონი ევრო).
კვარამ ნაპოლიში წარუშლელი ისტორია დაწერა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ნაპოლის სერია ა მოაგებინა. იმაზე ყველა თანხმდება, რომ ხვიჩა საოცარი ნიჭის პატრონია და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნაპოლიდან პსჟ-ში წასული ფეხბურთელები ბრწყინავდნენ, გასაკვირი არ იქნება, რომ კვარაცხელიამ კავანიზე და ლავეციზე დიდი კვალი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ახალ გუნდში ჯერ დებიუტი არ ჰქონია. მისი დებიუტი 25 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ იგეგმება.
ჯერჯერობით, ჯვაროსნების სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან ზაფხულში გადაგზავნილ განაცხადში ფიზიკურად არ არის. განაცხადის ცვლილება კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ შეიძლება.