მენდესი: იმედი მაქვს, UFC ცარუკიანს შანსს მისცემს
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, არმან ცარუკიანზე ილაპარაკა.
სომეხი მებრძოლი ზურგის ტრავმის გამო, UFC 311-ზე, ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ჩაეხსნა.
„ვწუხვარ არმანის გამო. ეს მახსენებს იმას, რაც ხაბიბთან მოხდა - მასაც იგივე დაემართა. ამიტომაც არმანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ მას არ მოუწევს კიდევ ერთხელ იჩხუბოს, სანამ სატიტულო ბროლას მოიპოვებს. იმედი მაქვს, რომ UFC მას შანსს მისცემს“, - თქვა მენდესმა Submission Radio-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ არმანის ნაცვლად, მახაჩევი რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
ღონისძიების შემდეგ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ვერ მიიღებს.