„მერაბზე არავის არაფერი უკითხავს“ | მაგდი ამაჩოვმა უმართან ვარჯიშზე ისაუბრა
მაგდი ამაჩოვმა, რომელიც მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბამდე, რუს მებრძოლთან ვარჯიშობდა, საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ამაჩოვმა განაცხადა, რომ უმარისთვის „მანქანასთან“ დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და ამ თემაზე, არავის არაფერი უკითხავს.
„MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის დამნაშავე ვიქნები და ამ მომენტისთვის, მათთვის მოღალატე ვარ. რა სტატუსი მქონდა უმარის კემპში? რა სტატუსი უნდა მქონოდა?! ჩვეულებრივი დაღესტნელი მებრძოლი ვარ, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ხაბიბ ნურმაგომედოვის გაცნობასა და მასთან ერთად ვარჯიშზე. მინდოდა, გამეგო, რა შეგრძნებაა, მათ გვერდით ყოფნა. ხაბიბის გარდა, იქ ისლამ მახაჩევი და ტაგირ ულანბეკოვი არიან. ბევრი მებრძოლია, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემი თანასოფლელებიც იქ ვარჯიშობენ.
რა თქმა უნდა, მინდოდა, მათთან ვყოფილიყავი და ამაზე მერაბთანაც მილაპარაკია. მან ყველაფერი მშვენივრად გაიგო. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, უბრალოდ ვვარჯიშობდი და მათგან გამოცდილებას ვიღებდი. სხვა არაფერი. უმარს არაფრით დავხმარებივარ. რით უნდა დავხმარებოდი? მათგან ვიღებდი გაკვეთილებს.
სიმართლე გითხრათ, ჩემზე რომ წერენ, მერაბის ვარჯიშებზე ინფორმაცია გაიტანა და უმარს გადასცაო, სრული სისულელეა. დვალიშვილთან ბევრჯერ მილაპარაკია და მერაბს უთქვამს, რომ მენდობა. ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი. რაში მჭირდებოდა ასე მოქცევა? რამე რომ მეთქვა, ჩემები თავად გამაგდებდნენ.
არავის არაფერი უკითხავს. მერაბის ვარჯიშებთან დაკავშირებით, რამის გაგება რომ მონდომებოდათ, ვიდეოებს ნახავდნენ. ჩართავდნენ დვალიშვილის ჩხუბს და სულ ესაა. მე რა საჭირო ვარ“.
შეგახსენებთ, რომ მაგდი დაღესტნელი მებრძოლია. როცა ის ლას-ვეგასში ახალი ჩასული იყო, საცხოვრებელი არ ჰქონდა და „მანქანა“ მას თავის სახლში აცხოვრებდა, შემდეგ კი მან უმარის კემპში გადაინაცვლა.