„მისი მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა“ | ფრანგული გამოცემა ზურიკოზე წერს
ფრანგულმა გამოცემა, Le Talk Show Stéphanois-ი „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელთა მიერ, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშს აფასებს. ამჯერად, Le Talk Show Stéphanois-ის ყურადღების ცენტრში ზურიკო დავითაშვილი მოექცა და ქართველი შემტევის მთავარ პრობლემაზე დაიწერა.
„გამოცდილებისა და ასაკის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელს ერთი ნაკლი ყოველთვის ჰქონდა: არასტაბილურობა. ამას ექსპერტები ჯერ კიდევ მაშინ აღნიშნავდნენ, როცა ის ბორდოს ღირსებას იცავდა. მას შეეძლო, საკუთარი თავის საუკეთესო და ყველაზე ცუდი ვერსია ერთ მატჩში ეჩვენებინა. ზოგჯერ, რამდენიმე შეხვედრა საერთოდ არ ჩანდა, შემდეგ კი სასწაული ხდებოდა, არსაიდან ჩნდებოდა და შთამბეჭდავი თამაშით განსხვავებას ქმნიდა.
არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი, რომელიც ემოციებს მარტივად ყვება. მისი თამაშის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ზოგჯერ, ცდილობს, განსხვავება მარტომ შექმნას, რის გამოც, ძალიან წაკითხვადი ხდება. ქართველი ფეხბურთელი დაცვის ხაზებში „იჭედება“ ხოლმე. ტალანტი არ აკლია, მაგრამ ნოემბრის შემდეგ, ამის გარდა არაფერი გაუკეთებია. კვირას, ნანტთან გამართული შეხვედრა ამის დასტურია. თუმცა, ბოლო ოც წუთში, როცა გადაწყვიტა, სხვანაირად ეთამაშა, ვითარება გამოსწორდა.
დავითაშვილმა ახლიდან უნდა ისწავლოს როლი, რომელშიც საკუთარ უნარებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ზურიკო არსადაა ისეთი კარგი, როგორც შემტევების უკან, ფლეიმეიქერის პოზიციაზე. პასის გაკეთებისა და მეტოქის მოტყუების უნარი, მას მეტოქეთა დაცვის ხაზის გაჭრის ბევრად უკეთეს ვარიანტად აქცევს, ვიდრე მაშინ, როცა ჯიუტად, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრას ცდილობს. ასევე, პრობლემაა სენტ-ეტიენის სათამაშო სტილიც. ოლივიე დალიოლოს გუნდი უკან იყო ჩაწეული და ზურიკოც უკნიდან იწყებდა.
სენტ-ეტიენს მეორე პრობლემაც აქვს: კონკურენციის ნაკლებობა. ყოველთვის რთულია, ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მიიღო, როცა მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. ტრავმების გამო, ჰორნელანდს სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ აქვს. ამ ზამთარში, კლუბი გარემარბს ეძებს, რაც კარგი ვარიანტია და ქართველ ფეხბურთელს შეეძლება, საკუთარ მინუსებზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იმუშაოს“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ზურიკოს მონაწილეობა ლიგა 1-ის 17 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.