დორტმუნდი უმწვრთნელოდ დარჩა | ვინ შეცვლის ნური შაჰინს
ნური შაჰინი დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა და თავად შაჰინმა ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, ბოლონიის სასტუმროში გაიგეს.
აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდს“ ზედიზედ 4 წაგება დაუგროვდა. ბუნდესლიგაში გუნდი მე-10 პოზიციაზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მე-13 პოზიციაზეა.
გუშინ „დორტმუნდი“ „ბოლონიასთან“ დამარცხდა (1:2), მატჩის შემდეგ კი შაჰინმა გადადგომის მზადყოფნა გამოთქვა.
„თუ მწვრთნელის შეცვლა ყველა პრობლემას მოაგვარებს, მე მზად ვარ. გუნდის თამაშზე მე ვარ პახუსისმგებელი. ფაქტია, რომ ზედიზედ 4 წაგება გვაქვს“, - განაცხადა 36 წლის სპეციალისტმა.
ცნობისთვის, ნური შაჰინმა „დორტმუნდი“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 27 მატჩიდან 12 მოიგო, 11 წააგო, 4 კი ფრედ დაასრულა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, „დორტმუნდი“ შესაძლოა ერიკ ტენ ჰაგმა ჩაიბაროს, რომელსაც გერმანიაში („ბაიერნის“ მეორე გუნდში) მუშაობის გამოცდილება აქვს.