„მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა“ | ბენფიკას თავკაცი ბარსასთან მატჩზე
„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნუ ლაჟემ „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც მისმა გუნდმა 4:5 წააგო. ლაჟემ რაფინიას გოლამდე განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა, დანი მაკელიემ სერიოზული შეცდომა დაუშვა.
„უდიდეს იმედგაცრუებას ვგრძნობ შედეგის გამო, მაგრამ ამავდროულად, ვამაყობ ჩემი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით. ოთხი გოლის გატანა და ასეთი ფეხბურთის ჩვენება საოცარი მომენტია, მაგრამ ასეთი ბურთების მიღება იმედგამაცრუებელია.
94-ე წუთზე მომხდარს რაც შეეხება, ვფიქრობ, მსაჯმა უხეში შეცდომა გაუშვა. მხოლოდ ჩემი და გულშემატკივრების გადმოსახედიდან არ ვსაუბრობ, ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ პენალტი იყო. თუ იგივე სიტუაციაში, მეტოქეს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლებას აძლევ, მეორე გუნდთან მიმართებით სხვანაირად არ უნდა მოიქცე. აღშფოთებული ვიყავით, რომ პენალტი არ დაგვინიშნეს, მაგრამ რაფინიაზე ჯარიმა მაინც უნდა აგვეღო“.
შეგახსენებთ, რომ 77-ე წუთისთვის, „ბენფიკა“ 4:2-ს იგებდა, მაგრამ „ბარსელონამ“ საოცრება მოახდინა და 5:4 იმარჯვა. „ბლაუგრანას“ 18 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა, „ბენფიკას“ კი 10 ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.