ზვონარეკი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა | კიტეიშვილის შტურმის მძიმე მარცხი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ბერგამოს „ატალანტამ’’ შინ გრაცის „შტურმი’’ 5:0 გაანადგურა. გოლები რეტეგის, პაშალიჩის, დე კეტელარეს, ლუკმენისა და ბრეშიანინის ანგარიშზეა.
36-გუნდიან სატურნირო ცხრილში „შტურმი’’ 3 ქულით (1 გამარჯვება, 6 მარცხი) 30-ე ადგილზეა. ავსტრიულმა კლუბმა საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა, 24-ე ადგილზე მყოფ ზაგრების „დინამოს’’ 5 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ 1 ტურია დარჩენილი, დასკვნით ტურში „ლაიფციგს’’ მიიღებს (29 იანვარი).
ავსტრიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზოიმელმა კიტეიშვილი სასტარტოში ათამაშა (90+1 წუთზე შეცვალა). ქართველი ფეხბურთელის თამაშიდან ერთი მომენტის გამორჩევა შეიძლება, როცა 3:0-ზე თანაგუნდელი ლოვრო ზბონარეკი („ბაიერნის'' საკუთრებაა და „შტურმში'' იჯარით თამაშობს) მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ხორვატის დარტყმა „ატალანტას'' მეკარემ კუთხურზე მოიგერია.
მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში, ორჯერ შეცვალეს). 6-დან სამ მატჩში კაპიტანი იყო („ბრიუგესთან’’, „დორტმუნდთან’’ და „ჟირონასთან’’). „კიტემ’’ 1 გოლი შეაგდო, სტუმრად ფრანგული „ლილის’’ კარში.