ჯოკოვიჩი: “ალკარასი კორტის უკნიდან ბევრს ყოყმანობდა“
ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გულშემატკივრებმა მორიგი საოცარი დაპირისპირება იხილეს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასს შეხვდა და 4 სეტში 4:6 6:4 6:3 6:4 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, სერბმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჯოკოვიჩმა?
„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება კარლოსის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც მან აქამდე თავისი შრომით მიაღწია. ალკარასი შესანიშნავი ბიჭია და კიდევ უფრო უკეთესი კონკურენტი. ის ჩვენი სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერია. უკვე 4 გრანდ სლემი მოიგო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოიგებს. შეიძლება არა იმდენი, რამდენიც მე მინდა, მაგრამ აქ ჩემზე დიდხანს იქნება.
უბრალოდ ვისურვებდი, რომ დღევანდელი მატჩი ფინალი ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეპკიური მატჩი იყო, რომელიც მე ამ კორტზე მითამაშია. მადლობა ყველას, ვინც ღამის პირველ საათამდე აქ დარჩა. ტრავმაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ნათელია, რომ წამლების დალევა მიწევს.
მეორე სეტი რომ წამეგო, არ ვიცი შევძლებდი, თუ არა გამარჯვებას, მაგრამ გათანაბრების შემდეგ, თავი ბევრად უკეთესად ვიგრძენი. დავინახე, რომ კარლოსი კორტის უკნიდან ბევრს ყოყმანობდა. ჩემი შანსი გამოვიყენე და დომინირება დავიწყე. ახლა დასვენების და ძილის დროა.“
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ნოლეს AUS OPEN 10-ჯერ აქვს მოგებული.