არასტაბილურია, ზოგჯერ დიდი იმედგაცრუებაა | ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე
ფრანგმა ჟურნალისტმა ადრიან მატიემ, რომელიც გამოცემა Le Point-ში მუშაობს და ამავდროულად პოდკასტ Formation Football Club-ის წამყვანია, „სენტ-ეტიენის’’ ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გააკრიტიკა. მატიემ ზურიკოს საუკეთესო თვისებებს ხაზი გაუსვა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ თვისებებს სტაბილურად ვერ ავლენს.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა. ზურიკომ 8 საგოლე მოქმედება ხუთ მატჩში შეასრულა, მის აქტივში „ოსერთან’’ ჰეთ-თრიკი და „ანჟერთან’’ დუბლია. 1 გოლი მხოლოდ პსჟ-სთან გაიტანა.
ადრიან მატიე: „ზურიკო იმაზე უკეთ თამაშობს ვიდრე მე ვიფიქრებდი, არ მეგონა თუ ლიგა 1-ში ექვს გოლს გაიტანდა. „ბორდოში’’ თამაშისას ლიგა 2-ში არასტაბილური იყო და ახლაც ასეა ლიგა 1-ში.
სამწუხაროდ, სტაბილურობა სჭირდება, რადგან ხშირად ასეა: ბრწყინვალედ ითამაშებს, გოლს გაიტანს, საგოლე პასს შეასრულებს, სანახაობრივ თამაშს აჩვენებს, დრიბლინგს შემოგვთავაზებს, თუმცა შემდეგ 10 ბალიანი სისტემით 3-იანზე ან 4-იანზე ითამაშებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, არაგუნდურად იმოქმედებს, თავს მაღლა არ აწევს... მას შეუძლია კარგად დაარტყას, დრიბლინგი შეასრულოს, მაგრამ როცა მისი დღე არაა, დიდი იმედგაცრუებაა’’.
მე-9 ტურში „ოსერთან’’ შესრულებული დუბლის შემდეგ ზედიზედ ექვს მატჩში საგოლე მოქმედება არ შეუსრულებია, მაგრამ თუ ზოგადად სეზონს შევაფასებთ, 6 გოლით „სენტ-ეტიენის’’ საუკეთესო ბომბარდირია, გოლებითა და საგოლე პასებით გუნდს ქულების/ქულის მოპოვებაში ეხმარება.
ზურიკო გოლების რაოდენობით „მონაკოს’’ (მე-4 ადგილი), „ლიონისა’’ (მე-6 ადგილი) და „ლანსის’’ (მე-7 ადგილი) ყველა შემტევს უსწრებს. ასევე, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს შორის საუკეთესო ბომბარდირია, მთლიანად ჩემპიონატში კი მასზე მეტი გოლი მხოლოდ 9 ფეხბურთელმა შეაგდო.