ანჩელოტი რეალიდან წასვლაზე: ერთხელაც ეს დრო დადგება, მაგრამ როდის, არ ვიცი
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალიდან“ მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები პირადად უარყო.
გუშინ ჟურნალისტმა ედუ პიდალმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „პაპა კარლომ“ გადაწყვიტა, სამეფო გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.
კითხვაზე - აპირებს თუ არა ის „რეალის“ დატოვებას ზაფხულში, ანჩელოტიმ უპასუხა:
„არა... მინდა მკაფიოდ ვთქვა: მე თავად არასდროს გადავწყვეტ, როდის დავტოვო ეს კლუბი, არასდროს ჩემს სიცოცხლეში. ერთხელაც ეს დრო დადგება, მაგრამ როდის, არ ვიცი. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. შეიძლება ხვალ მოხდეს, რამდენიმე თამაშის, 1 ან 5 წლის შემდეგ“.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, კარლოს მეორედ დანიშვნის შემდეგ, ბლანკოსმა 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, ერთი კოპა დელ რეი, 2 უეფა-ს სუპერ თასი, ერთი ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და 2 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ანჩელოტის რეალი ლა ლიგას ლიდერობს. უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 2 ქულით უსწრებს, ხოლო ბარსელონას 7 ქულით.
ამ მომენტისთვის, სამეფო კლუბი კოპა დელ რეის ¼- ფინალში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ფაზასაც დიდი ალბათობით წარმატებით დაძლევს.