„ნაპოლიში აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია“ - ენრიკე კვარაზე
ჩემპიონთა ლიგაზე, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა პარიზელების ქართველ ახალწვეულს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.
რა თქვა ენრიკემ:
„ყველა ვიცნობთ ხვიჩა კვარაცხელიას, „ნაპოლიში“ მან აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია და იდეალურად ჯდება ჩვენს სათამაშო სტილში.
მას შეუძლია კარგად თამაში ცენტრში, 9 ნომერზე, რაც სანაკრებო დონეზე ვნახეთ. ასე რომ, ის უნივერსალი ფეხბურთელია, რომელსაც მეტოქის მოტყუება შეუძლია.
კვარაცხელია კარგად ადაპტირდება ჩვენს სტილთან. ხვიჩა დაცვაშიც ძლიერია, ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაცვაშიც და შეტევაშიც 11-ვე ფეხბურთელი იყოს ჩართული“.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ფეხბურთელების დამატება შეუძლებელია, რის გამოც კვარაცხელია „მანჩესტერ სიტისთან“ და „შტუტგარტთან“ მატჩებში თავის ახალ გუნდს ვერ დაეხმარება.
დიდი ალბათობით, პარიზული კლუბის რიგებში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსთან“ მატჩში შედგება.