მერაბ დვალიშვილი
Aa Aa

მანქანის მენტალიტეტი | UFC-ის ქართველი ჩემპიონის უტეხი სული

„თუ დათვთან ბრძოლისას მნახეთ, დათვისთვის ილოცეთ. ეს გამოთქმა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ შიში ვერ გვამარცხებს, ჩვენ არ გავრბივართ. პირიქით! ჩვენ ვითმენთ და შემდეგ ვიპყრობთ. Mamba Mentality-ი სწორედ ესაა! შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! გამოსავალი იპოვეთ და მუშაობას ისეთი ჟინითა და რწმენით შეუდექით, როგორიც აქამდე არასდროს გქონიათ“, - ეს სიტყვები ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს ეკუთვნის და UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის დამოკიდებულებას, რომელსაც შეგვიძლია, სიმბოლურად The Machine Mentality ვუწოდოთ, იდეალურად აღწერს. „მანქანა“, რომელიც წლების წინ მშენებლობაზე მუშაობდა და MMA დიდად აღარ აინტერესებდა, დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ალბათ, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია.

დვალიშვილი თავმდაბალია და არასდროს იტყვის, GOAT-ი ვარო. UFC 311-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კიდეც, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ალჯამეინ სტერლინგიაო, მაგრამ მერაბის რეზიუმეს რომ გადავხედოთ, გაგვიჭირდება, მისი პოზიცია გავიზიაროთ. მარლონ მორაესი, ყოფილი ჩემპიონი ჟოზე ალდო, ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი, ყოფილი ჩემპიონი და ოლიმპიადის გამარჯვებული ჰენრი სეხუდო, მოქმედი ჩემპიონი შონ ომალი და ურთულესი მოწინააღმდეგე - უმარ ნურმაგომედოვი.

„მანქანამ“ ბოლო ორთაბრძოლა სწორედ უმართან გამართა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით შეინარჩუნა. უმარმა თქვა, ხელი მოვიტეხე და ამან ჩხუბზე გავლენა იქონიაო. ისიც დასძინა, მსაჯები შეცდნენ და არ წამიგიაო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დვალიშვილის მეტოქეები მარცხს ტრავმას აბრალებენ, მაგრამ რატომღაც, ბევრისთვის უყურადღებოდ რჩება დაზიანებები, რომლებთან გამკლავებაც ქართველს უწევს.

„მერაბს ჩემპიონის გული აქვს“, - ეს განცხადება ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკეთა და „არწივი“ ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მერაბმა ხაბიბის ბიძაშვილთან ორთაბრძოლაშიც დაამტკიცა, რომ ასეა და ჩემპიონის გულთან ერთად, უტეხი მენტალიტეტი და მებრძოლი სული გამოავლინა. ჩვენი დღევანდელი სტატია არ ეხება დვალიშვილის კარიერასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ჩვენი დღევანდელი სტატია გამოხმაურებაა უმარის განცხადებაზე, რომელსაც თავის მართლება გამოუვიდა და არ უხსენებია ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც მერაბს ჰქონდა. დვალიშვილს სერიოზული ტრავმების ფონზე უამრავჯერ უჩხუბია და არ მინდა, შორეულ წარსულში წავიდე. ბოლო რამდენიმე ჩხუბზე ვისაუბრებ და მიხვდებით, რომ ამ ბიჭს რაღაც განსაკუთრებული მენტალიტეტი და საოცარი ხასიათი აქვს.

დავიწყოთ მერაბის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებით. 2023 წელს, საჩემპიონო ორთაბრძოლაზე მეოცნებე დვალიშვილს, ჟოზე ალდოს შემდეგ, კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი არგუნეს. მერაბი პიოტრ იანს უნდა შეხვედროდა - რუს მებრძოლს, რომელიც იოლი მეტოქე არავისთვის ყოფილა.

„ეს ჩემთვის უბრალოდ ბრძოლა არ არის, ბევრი მიზეზია. ეს პირადულიცაა. ის რუსეთიდანაა, მე კი საქართველოდან. ყველამ ვიცით, რას აკეთებენ რუსები უკრაინაში და რა გააკეთეს საქართველოში. რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის. ვიცი, როგორ უნდა ჩემს ხალხს გამარჯვება. საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მაქვს დიდი მხარდაჭერა უკრაინიდანაც. ძალიან, ძალიან მინდა, იანი დავამარცხო. მასთან გამარჯვება ჩემთვის საჩემპიონო ქამრის მოპოვებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩხუბი ჩემთვის პირად საკითხებს უკავშირდება. მთელი საქართველო მხარს მიჭერს და საიდუმლო არაა, რომ რუსები საქართველოსა და უკრაინას საშინლად ექცევიან. ეს ჩხუბი რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებაა. დიახ, MMA სპორტია, მაგრამ იანთან ბრძოლა ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩხუბი და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. იანი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ კარგი ადამიანი არაა“, - განაცხადა მერაბმა და არ გეგონოთ, რომ ამ უპრინციპულესს ორთაბრძოლას იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდა. პირიქით... მაგრამ მერაბი რის მერაბია ოქტაგონზე რომ არ გასულიყო... ასეთ მნიშვნელოვან ჩხუბს ხომ არ ჩაეხსნებოდა...ან ოქტაგონზე გასვლამდე ხომ არ იტყოდა ესა და ეს მჭირსო... 

„2 კვირით ადრე, ხელი ვიტკინე და ცალი ხელით ვვარჯიშობდი. იანთან ბრძოლის პირველივე წუთებში ვიგრძენი ხელის ტკივილი, მაგრამ მას ვაიგნორებდი და ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. ჩხუბის მიმდინარეობისას ხელი ხელახლა დავიზიანე და ტკივილს ახლაც ვგრძნობ“, - განაცხადა მერაბმა იანის დომინანტურ სტილში დამარცხებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. „მანქანამ“ საკუთარი ტრავმის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს, რასთან მოუწია გამკლავება. ვინც არ იცით, იანმა საკუთარი მარცხი ტრავმას დააბრალა და ის ფაქტი, რომ მერაბი ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, უყურადღებოდ დატოვა. „დვალიშვილს ცალი ხელით ვეჩხუბე. მხრის კუნთი მქონდა გაწყვეტილი და მარჯვენა ხელს დარტყმებისთვის საერთოდ ვერ ვიყენებდი“, - განაცხადა რუსმა მებრძოლმა რამდენიმე კვირის წინ.

იანის შემდეგ, დვალიშვილის მეტოქე ჰენრი სეხუდო გახლდათ. ზემოთ ხსენებული ტრავმის გამო, „მანქანამ“ გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა და ოქტაგონზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. სეხუდოსთან ჩხუბზე ბევრს არ ვისაუბრებთ. ყველა ხვდება, რომ დვალიშვილს მისთვის არახელსაყრელი მეტოქე შეურჩიეს, რომელიც ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ, მაგრამ „მანქანა“ „ტრიპელ სიმაც“ ვერ გააჩერა. ჰო, და წაგების შემდეგ, სეხუდომაც ტრავმები მოიმიზეზა და თქვა, ოქტაგონზე არ უნდა გავსულიყავიო.

გადავიდეთ ორთაბრძოლაზე, რომელმაც დვალიშვილის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სეხუდოსა და იანის შემდეგ, როგორც იქნა, მერაბმა საჩემპიონო შანსი მიიღო და შონ ომალის დაუპირისპირდა - სნაიპერ სტრაიკერს, რომელმაც ალჯამეინ სტერლინგი ტექნიკური ნოკაუტით დააფინიშა. დვალიშვილმა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი ვარჯიშისას, სერიოზული ჭრილობა მიიღო. თან სად, თვალთან ძალიან ახლოს... მერაბმა სოციალურ ქსელში ჭრილობის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა და UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის კრიტიკა დაიმსახურა.

„მერაბის ჭრილობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. მან სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ყველას ანახა, რა მოუვიდა. ჩვენი ბიჭები ძალიან სულელები არიან და დაუჯერებელია, რაც გააკეთა. კრივზე ბევრი რაღაც მითქვამს, მაგრამ ერთი რამ, რის გამოც კრივი ქებას იმსახურებს, არის ის, რომ როცა მოსამზადებელი კემპისას რაღაც ხდება, ვერავინ ვერაფერს იგებს და ინფორმაციის გაჟონვა არ ხდება. ჩვენს ბიჭებს ერთი სული აქვთ, მომხდარზე სოციალურ ქსელში პოსტს როდის დადებენ. პატარა ჭრილობაა, სერიოზული არაფერია, მაგრამ რა თქმა უნდა, პოსტი უნდა დაედო!

ჭრილობა შესაძლოა ჩხუბისას ომალის სამიზნე იყოს? კი და რა ჯანდაბად გინდა, რომ შონმა ამის შესახებ იცოდეს? ეს შემდეგი დონის სისულელეა. ზოგიერთი მებრძოლი ისეთი სულელია, რომ უბრალოდ გამაოგნებელი და დაუჯერებელია“ - აღნიშნა დენამ.

გადავინაცვლოთ რამდენიმე კვირით წინ და გავიხსენოთ ორთაბრძოლა, რომელსაც ომალის გარდა, კითხვის ნიშნები არავისთვის დაუტოვებია. დომინანტი „მანქანა“ და ახალი ჩემპიონი სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონს. ჭრილობა სამიზნე კი არ გახდა, „შუგას“ გააზრებული კომბინაციებიც კი არ ჰქონია და უშანსოდ წააგო. სამაგიეროდ, რა ქნა ომალიმ ჩხუბის შემდეგ? ადგა და უმარის მსგავსად, თქვა 3:2 მოვიგეო და ყველაფერი ტრავმას დააბრალა. ომალიმ თეძოს პრობლემები მქონდა და ამიტომ დავმარცხდიო... მერაბის ჭრილობა კი ისევ ყველამ მიივიწყა.

მივადექით დვალიშვილის ბოლო ორთაბრძოლას, რომელიც მისთვის ურთულესი გამოცდა იყო. რამდენიმე დღის წინ, „მანქანა“ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა - დაუმარცხებელ მებრძოლს, რომელიც სტილისტურად მერაბის კრიპტონიტი უნდა ყოფილიყო და თან, დვალიშვილთან ჩხუბისთვის ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვი ამზადებდა. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე გასვლას 6 კვირით ადრე დათანხმდა და მოსამზადებელი კემპისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომლებზეც ღონისძიების შემდგომი პრესკონფერენციისას დეტალურად ისაუბრა.

„ნოემბერში, ფეხზე ძალიან დიდი ჭრილობა მივიღე. ეს ჭრილობა ახლახან, ოთხშაბათს შეხორცდა. ძალიან დიდი ხანი სჭირდებოდა შეხორცებას და ინფექცია შემეჭრა. ყოველთვის, როცა ვიღაც მეხებოდა, იქნებოდა ეს ჭიდაობისას თუ დარტყმებისას, უდიდეს ტკივილს ვგრძნობდი. გარდა ამისა, ზურგის ტრავმა მივიღე.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ორთაბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი და ერთ დღეს, UFC-ის გადამღები ჯგუფი ჩემთან მოვიდა. სპარინგები გადავიღეთ და ინტერვიუები ჩავწერეთ, რის შემდეგაც ვთქვი, გარეთ გავიდეთ-მეთქი. ჩემს მეგობრებთან ერთად მთებზე ავრბოდი და მძიმე წონებს ვწევდი, რის გამოც, ზურგი სერიოზულად ვიტკინე. ვაკეთებდი ვარჯიშებს, რომლებიც ბოლო 8 თვის განმავლობაში არც ერთხელ გამიკეთებია და ამან დამაზიანა. ლოგინში ვიწექი, დეპრესიაში ვიყავი და სპორტდარბაზშიც ვერ მივდიოდი. უმარი ამბობდა, არ გამიკვირდება, მერაბ ჩაეხსნასო და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, არა! შანსი არაა ეს ვქნა-მეთქი. ბრძოლას არასდროს ვეხსნები“, - აღნიშნა მერაბმა.

აი, ასეთი კაცია ჩვენი სიამაყე, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა, 1 კვირაში იჩხუბოს! ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ მართლა შეუძლია?! არასდროს შეიტანოთ ეჭვი მერაბის შეუპოვრობაში, სიმამაცესა და MMA-ისადმი სიყვარულში. გარდა იმისა, რომ კარდიო მანქანაა, დვალიშვილს აქვს უტეხი მენტალიტეტი და მებრძოლი სული, რასაც ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა.

„ხალხო, გთხოვთ, თავი არავის დააჩაგვრინოთ. საკუთარი თავი სათანადოდ დააფასეთ, თქვენი თავის ირწმუნეთ და ყველაფერი შესაძლებელია. მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო, აუტსაიდერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხებზე მკიდია! საკუთარი თავის მჯერა და ეს საკმარისია! ყველას საკადრისი პასუხი გავეცი! უმარი აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა გაზარდა და მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა!“

And Still!!!

The Machine!!!

გაზიარება: