Le10Sport: კვარას ტრანსფერის პირველი მსხვერპლი ასენსიო იქნება
ფრანგული გამოცემა Le10Sport ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ეხმაურება და წერს, რომ ხვიჩას ტრანსფერის პირველი მსხვერპლი მარკო ასენსიო იქნება.
როგორც გამოცემა წერს, 70 მილიონ ევროდ ნაყიდი ქართველი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა შეტევის ხაზის სხვა ფეხბურთელებიდან რომელიმეს სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება.
როგორც El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა, ედუარდო ინდამ განაცხადა, ასენსიოს აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე ეძებს ახალ გუნდს 29 წლის ესპანელისთვის.
რას ამბობს ედუარდო ინდა:
„კვარაცხელიას მოსვლამ ასენსიოს საქმე გაურთულა. პსჟ-მ მარკო ორ ესპანურ გუნდს - „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შესთავაზა“.
შეგახსენებთ, რომ ასენსიო პარიზელებს 2023 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე პსჟ-ს მაისურით 15 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. ასენსიოს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.