„ლუის ენრიკეს ბარკოლასა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდება“ - რობერ პირესი
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, რობერ პირესმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერსა და მის ბრედლი ბარკოლასთან კონკურენციაზე ისაუბრა.
რას ამბობს პირესი:
კვარაცხელიასა და ბარკოლას შორის, ლუის ენრიკესთვის არჩევნის გაკეთება მარტივი არ იქნება, პირიქით, ეს ძალიან რთულია. ბარკოლასნაირი ფეხბურთელი დღეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მას დასვენებაც სჭირდება. როდესაც თამაშებს ერთი მეორის მიყოლებით ატარებ, იღლები, მის ასაკში კი ეს უფრო რთულია. ამიტომაც არის, რომ ახლა ფიზიკურად გაუჭირდა. კვარაცხელიას მოსვლით კი ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს სასტარტოს ფეხბურთელი, ამაზე არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მსგავსი შემთხვევა არსენალში ყოფნის დროს მქონდა. 2004 წელს, არსენ ვენგერმა ზამთრის ფანჯარაზე ანტონიო რეიესი მოიყვანა, თუმცა, მე გამოცდილება მქონდა და ძირითადად, მაინც სასტარტოში ვიყავი.
პსჟ-ს ლიგა 1-ის მოგება თავისუფლად შეუძლია, მთავარი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგა იქნება. აქედან გამომდინარე, ეს ტრანსფერი გუნდს პირველ რიგში ამ მიზნის შესრულებაში დაეხმარება. როდესაც მსგავსი პროფილის ფეხბურთელს იმატებ, ისიც გეცოდინება, რომ ამას გუნდში დამატებითი კონკურენციის მოტანა შეუძლია, რაც საბოლოო შედეგებზეც უნდა აისახოს.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.