„სრულიად ჯანმრთელი „შუგა“ მერაბს დაამარცხებს“ - ომალის მწვრთნელი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელი, ტიმ უელჩი აცხადებს, რომ სრულიად ჯანმრთელ ომალის მერაბ დვალიშილის დამარცხება შეუძლია. ამის შესახებ უელჩმა საკუთარ YouTube-არხზე ისაუბრა.
ტიმ უელჩი:
„მერაბი ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მე მჯერა, რომ თუ სწორ გეგმას შევარჩევთ და კარგად მოვემზადებით, მისი დამარცხება შეგვიძლია. სრულიად ჯანმრთელი „შუგა“ მას დაამარცხებს“.
ცნობისთვის, თავად მერაბ დვალიშვილმაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, შემდეგ მეტოქედ მას სწორედ ომალის დაუყენებენ.
„ვფიქრობ, ეს შონ ომალი იქნება. პრეტენდენტად მას ვხედავ, თუმცა მე ჩემპიონი ვარ და მათ უნდა გამომიწვიონ. მაშინ დავბრუნდები, როცა UFC ამას ისურვებს, და იმას ვეჩხუბები, ვისაც UFC შემირჩევს“, - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ომალის საჩემპიონო ბრძოლაში გასული წლის სექტემბერში დაუპირისპირდა, როდესაც „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.