„ლიგა 1-ს ააწიოკებს, მაგრამ...“ | Goal-მა კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა
GOAL-მა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი შეაფასა. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ გარიგებაზე დეტალურად დაწერა და როგორც ფეხბურთელის, ისე კლუბების პოზიციიდან ილაპარაკა.
„კვარაცხელიას ტრანსფერმა ნაპოლის საჩემპიონო შანსებს დაარტყა, მაგრამ შესაძლოა, ეს დარტყმა ფატალური არ აღმოჩნდეს. 2022 წელს, დინამო ბათუმიდან პარტენოპეიში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია და სადებიუტო სეზონში, შესანიშნავი იყო. თუმცა, ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ქართველ გარემარბზე უფრო და უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული და 29 ოქტომბრის შემდეგ, კვარაცხელიამ მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. კვარადონას სანაცვლოდ დიდი თანხის მიღება სამწუხარო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. დიდი ხანია, ხვიჩა ნეაპოლში ბედნიერი არაა და პარტენოპეიმ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა მის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო.
პარი სენ-ჟერმენისთვის კვარას ტრანსფერი გადატრიალების ტოლფასია, მაგრამ მაინც უცნაურ გარიგებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ხვიჩა ბევრი გრანდის რადარზე იყო და პსჟ-მ ყველას აჯობა, მაგრამ საკითხავია, მართლა სჭირდებოდა თუ არა მისი გაფორმება. პარიზელების პრობლემა მომენტების შექმნა კი არა, მათი გამოყენებაა. გამომდინარე აქედან, უკეთესი იქნებოდა, ფული მეგოლე ფეხბურთელზე დაეხარჯათ და არა კიდევ ერთ გარემარბზე. პარი სენ-ჟერმენს აღნიშნულ პოზიციაზე პრობლემები ნამდვილად არ აქვს და რა საჭირო იყო, კიდევ ერთი გარემარბის შეძენა, თანაც ასეთ ფასად?
კვარაცხელიასთვის ეს ტრანსფერი, ფინანსური გადმოსახედიდან, გასაგებია. ყველამ კარგად იცის, ნაპოლიში რამხელა ანაზღაურება ჰქონდა და როგორ სასაცილო თანხას იღებდა. იწერება, რომ პარი სენ-ჟერმენმა მისი ხელფასი გააოთხმაგა, რაც ქართველის საბანკო ანგარიშებზე დადებითად აისახება, მაგრამ როგორია კარიერული გადმოსახედი? კვარაცხელია ლიგა 1-ს, რომელიც სერია A-ზე დაბალი დონისაა, ააწიოკებს და ჩემპიონიც გახდება. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვს, მაგრამ საკითხავია, შეძლებს, პარკ დე პრენსზე საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას, იმ პირობებში, რომ სეზონში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საეჭვოა ასე მოხდეს. თანაც, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნასთან ძალიან ახლოსაა“, - წერს GOAL-ი.
ცნობისთვის, ფრანგული პრესის ინფორმაციით, კვარაცხელია სადებიუტო შეხვედრას „რეიმსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 26 იანვარს გაიმართება.