„გეგმები ილიას, არმანს ან ოლივეირას არ უკავშირდება“ - მახაჩევის მენეჯერი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორგანიზაციის გეგმები მახაჩევის მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით ჩარლზ ოლივეირას, არმან ცარუკიანს ან ილია თოფურიას არ უკავშირდება.
რა თქვა აბდელაზიზმა:
„UFC-ის ისლამთან დაკავშირებით სრულიად სხვა გეგმები აქვს. ეს გეგმები არ უკავშირდება ოლივეირას, არმანს ან ილიას. თუმცა ეს არაპროგნოზირებადი სპორტის სახეობაა და არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა რენატო მოიკანოსთან ბრძოლაში საჩემპიონო ქამარი მეოთხედ დაიცვა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში შევიდა. ჩხუბის შემდეგ მახაჩევმა განაცხადა, რომ სამი წონის ჩემპიონობა სურს და მზადაა, როგორც ნახევრად საშუალო, ასევე საშუალო წონის ქამრებისთვის იბრძოლოს.
ამით მახაჩევი ილია თოფურიას ადრინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ამბობდა, რომ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონაში გადასვლა და მეორე ქამრის მოგება სურს. ოქტაგონზე მახაჩევის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში თოფურიამაც უპასუხა.
„ისლამ, რომ მომინდეს, დაგაფინიშებ, რომ მომინდეს, დაგანოკაუტებ. ამ ყველაფერს მარტივად გავაკეთებ, მალე შევხვდებით“, - განაცხადა „მატადორმა“.