„ორივეჯერ მარცხენა ფეხი ვაჩვენე“ | როგორ მოატყუა მერაბმა სპორტული კომისია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ფეხზე მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა და უმარ ნურმაგომედოვთან გასამართ ჩხუბამდე მომხდარი საინტერესო ისტორია გაგვიზიარა.
ორთაბრძოლამდე, დვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად კალიფორნიის სპორტული კომისიის წარმომადგენელი მივიდა. მერაბს ფეხზე სერიოზული ჭრილობა ჰქონდა მიღებული და შიშობდა, კომისიისგან ჩხუბზე უარი არ მიეღო, რის გამოც, მარტივი გამოსავალი იპოვა.
„ალჯამეინ სტერლინგს მოვსარ ევლოევთან ჰქონდა ჩხუბი და მომზადებაში ვეხმარებოდი. სპორტდარბაზში ყოფნისას, ფეხი ვიტკინე და წვივთან, დიდი ჭრილობა მივიღე. ვცდილობდი, მევარჯიშა და ჭრილობას ვიხვევდი. სამწუხაროდ, ინფექცია შემეჭრა და ვარჯიში და ჭიდაობა ურთულესი გახლდათ, ზოგჯერ კი სიარულიც მიჭირდა.
ტრავმა ნოემბრის შუაში მივიღე და ძალიან დიდი ხანი დასჭირდა, რომ შეხორცებულიყო. დიდი ხნის განმავლობაში, ჭრილობა ღია იყო და ჩხუბის კვირაში შეხორცდა. სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობდი და მეგონა, რომ იყო შანსი, სპორტულ კომისიას, ტრავმის გამო, ოქტაგონზე გასვლის უფლება არ მოეცა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ასე არ მომხდარიყო. მალამოებს ვისვამდი და მასაჟებსა და თერაპიებს ვიკეთებდი.
კალიფორნიას ძალიან მკაცრი სპორტული კომისია ჰყავს და ყველაფერს ამოწმებენ. როცა კომისიის წარმომადგენელი იყო მოსული, შარვალი მეცვა და მთხოვა, ფეხები და წვივები მეჩვენებინა. პირველად, მარცხენა ფეხი ავწიე და ის შევამოწმებინე. ლაპარაკში იყო გართული და როცა მთხოვა, მეორე ფეხი მეჩვენებინა, ისევ მარცხენა ვაჩვენე და ვერ მიხვდა. დიახ, ორივეჯერ მარცხენა ფეხი ვაჩვენე. იყო შანსი, შემოწმება ამის გარეშეც გამევლო, მაგრამ გარისკვა არ მინდოდა“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. 3-დან ორმა მსაჯმა მერაბს 3 რაუნდი მისცა, ერთმა - ოთხი.