„მერაბი ამ წონის GOAT არის“ - სეხუდო მანქანათი აღფრთოვანებულია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ კამარუ უსმანთან ერთად ერთობლივ პოდკასტში მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა და ქართველი „მანქანა“ შეაქო.
რას ამბობს სეხუდო:
„შემიძლია, ვაღიარო, რომ ვცდებოდი. მერაბი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ამ ბრძოლის გამო, მერაბმა ჩემგან სხვა დონის პატივისცემა მიიღო, რაც მან შეძლო, უბრალოდ წარმოუდგენელია. მან დაამარცხა ახალგაზრდა, 29 წლის მებრძოლი, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო. ამ წონითი დივიზიონის ისტორიაში, ეს ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლა იყო. მერაბი ნამდვილად არის საქმის კაცი, ის მსოფლიოში საუკეთესოა რაღაც მიზეზის გამო“.
„ამ მომენტში მიმაჩნია, რომ P4P-ის რეიტინგში ის პირველ სამეულში უნდა დავაყენოთ. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და მასთან წაგების გამო თავს ცუდად აღარ ვგრძნობ. დიახ, მას სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის GOAT-ი უნდა დაუძახოთ“.
„ომალი, სეხუდო, უმარი, მორაესი, ალდო... მან საოცრად ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. მან ამ დივიზიონში ყველას გადაუარა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პრაიმში შეძლო. მერაბი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის GOAT-ია, ამაში გუშინდელ ბრძოლაში დავრწმუნდი“.
ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.