გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„ნუ ვიკამათებთ, გიორგისთან ერთად უკეთესი გუნდი ვართ“ - კლევერლიმ ჩაკვეზე ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველი შემტევი მოედანს ხვალინდელ შეხვედრაში დაუბრუნდება.

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გამოჩნდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

„გიორგის ფეხზე სკანირება ჩაუტარდა და შედეგები ნამდვილად დადებითი იყო. ის მოედანს დიდი ალბათობით, ხვალ დაუბრუნდება“, - განაცხადა ქლევერლიმ.

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა „დერბისთან“ სტუმრად 0:2 მოიგო. ჟურნალისტებმა ქლევერლის ჩაკვეტაძის შემცვლელზე ჰკითხეს, თუმცა, ინგლისელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქართველ შემტევთან ერთად „უოტფორდი“ უფრო ძლიერი გუნდია.

რას ამბობს ქლევერლი:

„ბიჭებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს, რომ მისი არყოფნა არ შეგვტყობოდა. გამოჩნდა, რომ როდესაც გიორგი არ არის, ან როტაცია დასჭირდება, კარგი ვარიანტები გვაქვს. მაგრამ მოდით, ნუ ვიკამათებთ, გიორგისთან ერთად ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და ლიგაში ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მიხარია, რომ მისმა გამოკვლევებმა დადებითი პასუხი აჩვენა“.

საგულისხმოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გასულ უქმეებზე ტრავმის გამო პირველად ვერ ითამაშა. ქართველი შემტევი მოედანს ხვალ, „პრესტონის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
20 იანვრის სატრანსფერო ზონა
20 იანვრის სატრანსფერო ზონა