„მერაბს ბრძოლამდე ორი მძიმე ტრავმა ჰქონდა“ - რას ამბობს დვალიშვილის მწვრთნელი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის შემდეგ „მანქანას“ პერფორმანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბმა გამარჯვება იმაზე მარტივად მოიპოვა, ვიდრე ამას მისი გუნდი ელოდა.
რას ამბობს ჯონ ვუდი:
„ველოდი თუ არა ასეთ გამარჯვებას? საერთოდ არაფერი გამკვირვებია. მერაბმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ველოდი, რომ გააკეთებდა. შესაძლოა, მან პირველ რაუნდში უმარს ხელიც მოტეხა, ან შეიძლება, არა. ვინ იცის რა მოხდა“.
„არ მგონია, რომ მოტეხილი ხელი კარდიოზე გავლენას ახდენდეს. ხელი და ფილტვები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ამან ჩხუბზე გავლენა მოახდინა, ეს ახლა არავის აინტერესებს. ეს ჩხუბია და ასეთი რაღაცები ხშირად ხდება“.
„ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, ისაა, რომ მერაბმა იმაზე მარტივად მოიგო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ეს ნამდვილად არ არის უპატივცემულობა, უბრალოდ, მინდა ხალხმა ახლა მაინც გაიგოს, თუ რამდენად მაგარი მებრძოლია მერაბი“.
„არ დაგავიწყდეთ, მერაბმა ამ ბრძოლამდე უმძიმესი ტრავმა მიიღო. როდესაც ფეხი დაიზიანა, მან უბრალოდ სახვევი გადაიხვია და ასე აგრძელებდა ვარჯიშს. მან ჭრილობა საკმაოდ გვიან გაიკერა და ამის გამო ინფექცია შეეჭრა, მთელი წვივი დაინფიცირდა. ეს უკვე შემაშფოთებელი იყო, რადგან შეიძლებოდა, რომ მერაბი ბრძოლიდან ჩახსნილიყო“.
„მან ზურგიც დაიზიანა. ერთ დღეს, UFC-ში არ შეუშვეს და ქუჩაში ვარჯიში გადაწყვიტა. ის არასწორად გადახტა და კინაღამ წელში გადატყდა, ნერვი დაიზიანა, რის გამოც 1 კვირა ვერ დადიოდა. ეს საკმაოდ რთული მოსამზადებელი ბანაკი იყო“.
ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.