მამარდას რთული გამოცდა ელის - ცნობილია სამეფო თასის 1/4-ფინალური წყვილები
სულ ცოტა ხნის წინ, დასრულდა ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალის წილისყრა, სადაც გუნდები საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდნენ.
პირველ რიგში გამოსარჩევია ვალენსიას მეტოქე. გიორგი მამარდაშვილის გუნდი საკუთარ კედლებში ბარსელონას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის კოპა დელ რეიზე, ქართველი კარის დარაჯი ჯერ არ გამოჩენილა და მის ადგილს დიმიტრიევსკი იკავებს, თუმცა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დიდი ალბათობით ღამურების კარს გიორგი დაიცავს.
რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს, მადრიდის რეალი ლეგანესს შეხვდება. სამეფო კლუბი სტუმრად ითამაშებს. ატლეტიკო ხეტაფეს უმასპინძლებს, ხოლო ბოლო წყვილი სოსიედადი - ოსასუნაა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის მოქმედი გამარჯვებული ბილბაოს ატლეტიკია, რომელიც წლევანდელ გათამაშებას უკვე გამოეთიშა.
ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ვალენსია საშინელ ფორმაშია და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება.