ვალენსიამ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა - მამარდას სამი მოგერიება ჰქონდა
ლა ლიგის მე-20 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
ქართველი მეკარე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სამი მოგერიებით დაასრულა. მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია და სტუმრებმა 100%-ანი მომენტის შექმნაც ვერ შეძლეს, ეს კი დიდწილად „ვალენსიას“ დაცვის ხაზის დამსახურება იყო, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა.
მამარდას მომენტები:
ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე უგო დურომ გაიტანა და „ვალენსიას“ 23 ნოემბრის შემდეგ ლა ლიგაში პირველი გამარჯვება მოუტანა. „ღამურებს“ ზედიზედ 7 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული, ბოლოს კი 23 ნოემბერს, მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 4:2 გაიმარჯვეს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-16 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მეოთხედ შეინახა. ქართველმა მეკარემ 16 შეხვედრაში 23 ბურთი გაუშვა.
„ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო და 16 ქულით მე-19 პოზიციაზე აღზევდა. გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, სტუმრად „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.