გოგლიჩიძე ცვლილებაზე შევიდა - ინტერმა წაუგებელი სერია 15-მდე გაზარდა
„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დავერსამ როგორც „ინტერს“, ასევე ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა და საბა გოგლიჩიძე თადარიგში დატოვა. დიახ, მისი ეს სვლა მართლაც სიურპრიზი იყო, რადგან მესამე ტურის, ანუ მას შემდეგ, რაც 20 წლის ქართველი მცველი პირველად მოხვდა ტოსკანური კლუბის ძირითადში, მან ერთის გარდა ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო და ის ერთიც იმის გამო არ დაუწყია, რომ წინა ტურში „ინტერთან“ გაძევების გამო დისკვალიფიცირებული გახლდათ.
დიახ, 30 ოქტომბერს გამართული ამ გუნდების პირველი წრის მატჩი გოგლიჩიძის კარიერაში ყველაზე ცუდი გახლდათ, რადგან 31-ე წუთზე ლაუტარო მარტინესთან უხეშობისთვის გააძევეს და ნერიაძურიმ ის შეხვედრა 3:0 მოიგო. ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს გამარჯვება ამჯერადაც არ გასჭირვებია და ტოსკანელები 3:1 დაამარცხა, ხოლო საბა გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები ლაუტარო მარტინესის მიერ 55-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით იგებდნენ, 79-ე წუთზე კი დენზელ დუმფრისმა თავური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა. მართალია ცოტა ხანში ცვლილებაზე შესულმა სებასტიანო ესპოზიტომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მარკუს ტურამმა სტატუს-კვო მალევე აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გოგლიჩიძე 28 წუთში ბურთს 18-ჯერ შეეხო და მის მიერ გაკეთებული 15 პასიდან 10 ზუსტი აღმოჩნდა
ამ გამარჯვებით „ინტერმა“ სერია A-ში წაუგებელი სერია 15-მდე გაზარდა, 47 ქულით მეორე ადგილი განიმტკიცა და ლიდერ „ნაპოლისთან“, რომელთანაც შედარებით მატჩით ნაკლები აქვს გამართული, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „ემპოლის“, 6 ტურია არ მოუგია, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში საბა გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „ბოლონიას“ მიიღებენ და შეხვედრა შაბათს, 25 იანვარს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.