Crystalbet ეროვნული ლიგის MVP ტორპედოში - ქუთაისელებმა კოხრეიძე დაიმატეს
„ტორპედომ“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე დაიმატა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.
კოხრეიძის კარიერაში გასული სეზონი უდავოდ გამორჩეული იყო - ის „იბერიას“ კაპიტანი გახლდათ და გუნდის მეორე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში საკუთარი წვლილი 16 გოლითა და 4 საგოლე პასით შეიტანა. თბილისური კლუბის აწ უკვე ყოფილი მეათე ნომრის გარდა, ქუთაისელებმა, რომლებიც სტივ კინის წასვლის შემდეგ ჯერჯერობით ისევ უმწვრთნელოდ არიან დარჩენილები, ლევან ხარაბაძე, გლიბ კატკოვი, პაატა ღუდუშაური და გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი დაიმატეს, რომელთანაც კონტრაქტი დღეს გაფორმდა.
„ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველ ტურში კი 1 მარტს, „შენგელია არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებს.