სკანდალი ავსტრალიაში - ჯოკოვიჩის ბოიკოტი ტელევიზიას
ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში პირველი სკანდალი დაფიქსირდა და ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ყურადღების ცენტრში ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩნდა. 37 წლის ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ჩეხი ჟირი ლეჰეჩკასთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტ ჯიმ კურიესთან ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან ეს უკანასკნელი ავსტრალიურ ტელეარხ Channel 9-ს წარმოადგენდა.
როგორც ირკვევა ნოლეს პრობლემა არა კონკრეტულად ჟურნალისტთან, არამედ Channel 9-სთან აქვს, რადგან ამ არხის ეთერში ერთ-ერთ გადაცემაში როგორც მას, ასევე სერბ გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც საჯაროდ ბოდიში არ მოუხდიათ. ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, თუ ეს ტელევიზია ტურნირის პარტნიორი და მაუწყებელია და შეჯიბრების დასრულებამდე მათ არც ერთ წარმომადგენელს ინტერვიუს არ მისცემს.
შესაძლოა უახლოეს მომავალში ჯოკოვიჩმა პოზიცია შეიცვალოს, რადგან ტელევიზიის წამყვანმა, რომელმაც მას და სერბ ქომაგებს შეურაცხყოფა მიაყენა, ნოლეს ბოიკოტის შემდეგ, გადაეწყვიტა საჯაროდ მოებოდიშებინა და აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და არავის წყენინება არ უფიქრია.
ცნობისათვის, სერბი ჩოგბურთელის ერთ-ერთი შეხვედრის მიმდინარეობისას, როდესაც მას თანამემამულეები შეძახილებით ამხნევებდნენ, გადაცემის წამყვანმა ტონი ჯონსმა ასეთი სიტყვები თქვა: შეწყვიტეთ, ნოვაკის ეპოქა დასრულებულია, ის წარსულია, გაიტანეთ აქედან“...
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 21 იანვარს მისი მეტოქე ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება.