„ქართველმა რუსოფობმა ეშმაკთან გარიგება დადო“ - რუსული მედია მერაბის გამარჯვებაზე
რუსული მედია მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლას ეხმაურება და უმართან ჩხუბის გარდა, ქართველი „მანქანის“ ბოლო ჩხუბებსაც განიხილავს. სააგენტო Sovsport-ი წერს, რომ მერაბის ყველა მეტოქეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც „მანქანას“ თავისი ბრძოლების მოგება გაუმარტივდა.
„დვალიშვილის მეტოქეების წყევლა. ქართველმა რუსოფობმა ეშმაკთან გარიგება დადო“ - ასე ასათაურებს სტატიის ავტორი თავის ნაშრომს.
რა წერია სტატიაში:
„მერაბ დვალიშვილი აგრძელებს გამარჯვებების დაგროვებას შერეული ორთაბრძოლების მთავარ ორგანიზაციაში. ამჯერად, მან სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა, სადაც დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. ბრძოლის წინ თითქოს, ყველაფერი მერაბის წინააღმდეგ იყო. ბუქმეიკერების აზრით, უმარი ფავორიტად გამოიყურებოდა.
მაგრამ ბედმა ყველაფერი დაატრიალა. ბრძოლის დასაწყისში უმარმა ხელი მოიტეხა, რამაც სიტუაცია სრულიად შეცვალა. ქართველმა ღირსეულად იჩხუბა, მაგრამ ყველაზე თავდადებული გულშემატკივარიც კი ვერ გაუკეთებს იგნორირებას იმ ფაქტს, რომ მეტოქე კიდევ ერთხელ დაშავდა.
„პირველი რაუნდის შემდეგ მუშტის დარტყმა აღარ შემეძლო. მგონი, ხელი მოვიტეხე. ბრძოლას ახლიდან უნდა ვუყურო, დარწმუნებული არ ვარ, რომ წავაგე. ბრძოლას უნდა გადავხედო. მერაბისგან ყველაფერს ველოდი, ის ძლიერი ბიჭია, ერთადერთი, რასაც არ ველოდი, პირველ რაუნდში ხელის მოტეხილობა იყო“, - განაცხადა უმარმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
ნურმაგომედოვმა თავისი ხელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს დაზიანების სერიოზულობას. მათ, ვინც მის სიტყვებში ეჭვი ეპარებოდათ, იძულებულები არიან აღიარონ, რომ ტრავმამ ბრძოლის შედეგზე აშკარად იმოქმედა.
შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რომ უმარის მდგომარეობა ერთადერთი არ არის. ბოლო წლებში მერაბის ოპონენტები ერთმანეთის მიყოლებით ბრძოლაში დაზიანებებით შედიოდნენ, ან ტრავმას ჩხუბის დროს იღებდნენ.
ქართველთან ბრძოლაში რუსი ექს-ჩემპიონი პიოტრ იანი ერთდროულად ორი დაზიანებით შევიდა.
„ჩემი მარჯვენა ხელი არ მუშაობდა. ხუთ რაუნდში მას მხოლოდ რამდენჯერმე დავარტყი. მხარი ნაწილობრივ მოწყვეტილი მქონდა. ნახევარლიტრიან წყლის ბოთლსაც კი ვერ ვიჭერდი“, - თქვა იანმა მერაბთან ბრძოლის შემდეგ Match TV-სთან ინტერვიუში.
იანის დამარცხების შემდეგ, მერაბი ასევე ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა. დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ, სეხუდომ მეორე რაუნდში მხარი დაიზიანა, რამაც ბრძოლის მიმდინარეობაზე რა თქმა უნდა, იმოქმედა.
შონ ომალიც კი, ტიტულის დაცვის დროს რვაკუთხედში ბარძაყის სერიოზული დაზიანებით შევიდა. მისმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა განმარტა, თუ როგორ იმოქმედა ამან მის მოსამზადებელ ეტაპზე.
თავად ომალიმაც აღიარა, რომ ტრავმამ მის ჩხუბზე დიდი როლი ითამაშა.
„დიახ, ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტრავმა საბაბი არ უნდა იყოს. მერაბმა კარგი ბრძოლა ჩაატარა“, - განაცხადა შონ ომალიმ.
სხვათა შორის, ამის გაგების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი შონ ომალის გაუბრაზდა, რადგან ბრძოლამდე ფეხის ტრავმის ამბავი დამალა. ახლა ამ მებრძოლების სიას უმარ ნურმაგომედოვიც დაემატა.
შემთხვევითობაა, რომ ზედიზედ ოთხი მთავარი ოპონენტი ბრძოლებში პრობლემებით ჩაერთო, ან ტრავმა ბრძოლის დროს მიიღო? და თუ ერთი ეპიზოდის ახსნა მაინც შეიძლება, მაშინ როგორ აიხსნება ზედიზედ ოთხი მსგავსი შემთხვევა? ეს ანომალიას ჰგავს.
როგორც ჩანს, მერაბმა ეშმაკთან დადო გარიგება, ან იღბლიანი ლატარიის ბილეთი იპოვა, რაც მის გამარჯვებას ნებისმიერ სიტუაციაში უზრუნველყოფს. სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოქტაგონზე მისი მუშაობა პატივისცემას იმსახურებს. ის მუდმივად აჩვენებს წარმოუდგენელ ფიზიკურ მომზადებას, გაუთავებელ გამძლეობას.
მერაბ დვალიშვილი ჩემპიონად რჩება, მაგრამ საინტერესოა, შეძლებს თუ არა ქართველი რუსოფობი გამარჯვებას იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ ჯანმრთელი და არატრავმირებული მოწინააღმდეგე იდგება?
ქართველმა „მანქანამ“ რუსი მებრძოლი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.