მარცხი შოტლანდიაში - შავი ლომი ედინბურგს ვერ გაუმკლავდა
ევროპის ჩელენჯ თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი „შავმა ლომმა“ 4 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. უკანასკნელი ტურის შეხვედრაში რიჩარდ კოკერილის მომზადებული ქართველი მორაგბეები შოტლანდიაში ადგილობრივ „ედინბურგთან“ 21-ქულიანი სხვაობით, 15-36 დამარცხდნენ.
მასპინძლებმა თავიდანვე სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და 49-ე წუთისთვის სტუმრებს უკვე 33-ქულიანი სხვაობით ამარცხებდნენ, რის შემდეგაც „შავი ლომი“ ოდნავ გამოფხიზლდა, თუმცა ყოველივე ამან მატჩის მიმდინარეობა ბუნებრივია ვეღარ შეცვალა. ჩვენი გუნდის რიგებში თითო ლელო ირაკლი ქვათაძისა და შალვა აფციაურის ანგარიშზეა, თითო საჯარიმო და გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
წლევანდელ ევროტურნირზე ედინბურგელებთან მატჩამდე, „შავმა ლომმა“ 3 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ, საკუთარ სტადიონზე „ვანთან“ (22:19) გაიმარჯვა, ხოლო „სკარლეტსთან“ (18:36) და „ბაიონასთან“ (16:41) დამარცხდა.