ძლიერ გუნდში თამაშზე ყველა ოცნებობს - რაჰმანიმ კვარაზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა „ნაპოლიმ“ გუშინ ბერგამოში ადგილობრივ „ატალანტას“ (2:3) საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი თამაში მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციები გაიმყარა. პარტენოპეის რიგებში თითო ბურთი მატეო პოლიტანოს, სკოტი მაკტომინეისა და რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა, ხოლო გუნდის 30 წლის კოსოვოელმა ცენტრალურმა მცველმა ამირ რაჰმანიმ არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, თამაშთან ერთად, კვარას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერიც შეაფასა.
რა თქვა ხვიჩაზე
კვარას წასვლა? ძირითად შემთხვევებში ასე ხდება - არამარტო მსგავსი კალიბრის, არამედ ყველა მოთამაშის სურვილია გრანდში გადასვლა. „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ ხვიჩასნაირი ახალგაზრდები კიდევ აღმოაჩინონ, რომლებიც პარტენოპეის პროგრესირებასა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარებიან.
რაჰმანი ხვიჩასთან მუდამ მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და კეთილგანწყობილი რომ იყო, ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს - იმ სეზონში, როდესაც კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა, ამირმა როგორც კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ქართველი თანაგუნდელი პირველ ადგილზე დაასახელა.