„მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო“ | ლუკაკუმ და მაკტომინეიმ კვარას წარმატება უსურვეს
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი, „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ 3:2 იმარჯვა და მატჩის შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ და სკოტ მაკტომინეიმ ქართველ ფეხბურთელზე ილაპარაკეს.
„კვარაცხელია? ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, - განაცხადა ლუკაკუმ.
„ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია ჩემი თანაგუნდელი იყო. მისი მადლიერი ვართ იმის გამო, რაც გუნდისთვის გააკეთა და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. ახლა ჩვენს თამაშებზე ვართ ორიენტირებული“, - აღნიშნა მაკტომინეიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ნაპოლი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა და საკუთარი მომავალი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირა. ხვიჩამ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ცნობილი გამოცემების ინფორმაციით, „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება, კვარაცხელიას ხელფასი კი 9 მილიონ ევროს პლუს ბონუსები იქნება.