„არ მგონია, რომ წავაგე, პირველი სამი რაუნდი ჩემი იყო“ | რა თქვა უმარმა ჩხუბის შემდეგ
უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან გამართულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. „მანქანის“ შემდეგ, ჯო როგანმა ინტერვიუ სწორედ უმარს ჩამოართვა და ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს არ უნდა მოეგო.
„ვფიქრობ, პირველი სამი რაუნდი მოვიგე, ბოლო ორი კი ახლოს იყო და არ მგონია, რომ დავმარცხდი. პირველი რაუნდის შემდეგ, დარტყმა მიჭირდა, რადგან მგონი, ხელი მოვიტეხე და ამან ჩხუბზე გავლენა იქონია.
მადლობა ღმერთს. ამ ორთაბრძოლის ვიდეოს უნდა ვუყურო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მგონია, არ წამიგია. მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიდეოს ნახვა მინდა. მერაბს არაფრით გავუკვირვებივარ. ვიცოდი, რომ რთული მეტოქე იქნებოდა და რასაც არ ველოდებოდი იყო ის, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა კარიერაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, უმარმა კი პირველად წააგო. „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა და ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი დაამხო. დვალიშვილმა UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი, 92 თეიქდაუნი შეასრულა.