„მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, მიყვარხართ ქართველებო!“ | ჩემპიონის ინტერვიუ ოქტაგონზე
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა და უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. ორთაბრძოლის შემდეგ, ინტერვიუზე მისულმა ჯო როგანმა „მანქანა“ შეაქო და განაცხადა, რომ მისი და უმარის ჩხუბი, ამ წონის ისტორიაში საუკეთესო დაპირისპირება იყო.
„ჯო, ეს სიტყვები შენგან ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა შენ და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აქ მოვიდა. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს! მიყვარხართ ქართველებო! თქვენ იცით, რომ ყოველთვის ვვარჯიშობ და არასდროს ვჩერდები. მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ს ვჭირდებოდი.
დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ორთაბრძოლისთვის მაღალ დონეზე მომზადებაა საჭირო, მე კი ტრავმირებული ვიყავი. ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი სერიოზულად მაწუხებდა. უმარი კარგი მებრძოლი და რთული მეტოქეა, მაგრამ ასაკოვანი ადამიანი მიწოდა. დიახ, ასაკში ვარ, მაგრამ თავდაუზოგავად ვმუშაობ და ყოველდღიურად ვშრომობ.
ხალხო, გთხოვთ, თავი არავის დააჩაგვრინოთ. საკუთარი თავი სათანადოდ დააფასეთ, თქვენი თავის ირწმუნეთ და ყველაფერი შესაძლებელია. მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო, აუტსაიდერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხებზე მკიდია! საკუთარი თავის მჯერა და ეს საკმარისია! ყველას საკადრისი პასუხი გავეცი! უმარი აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა გაზარდა და მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა!
გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი კემპისას ტრავმირებული ვიყავი, დღეს ოქტაგონზე ყველაფერი დავტოვე. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია, დღეს კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო. დაბოლოს, კიდევ ერთხელ, მიყვარხარ საქართველო!“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა კარიერაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, უმარმა კი პირველად წააგო. „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა და საკუთარი მეტსახელი გაამართლა.