ნამდვილი ომი და ბრწყინვალე საჩემპიონო რაუნდები | მანქანამ ტიტული დაიცვა
UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლა გახლდათ. მებრძოლებმა საოცარი ორთაბრძოლა გვაჩუქეს. „მანქანამ“ UFC-ში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.
პირველი რაუნდი ფრთხილ სტილში დაიწყო, მებრძოლები ერთმანეთის მისამართით პატივისცემას იჩენდნენ და ძირითადად, დიდ დისტანციაზე ჩხუბობდნენ. პირველი მტკივნეული დარტყმა უმარის ანგარიშზე იყო, რის შემდეგ მერაბიც გააქტიურდა და ორჯერ ძლიერად მოარტყა.
პირველი რაუნდი დგომში წარიმართა და „მანქანა“ აგრესიულად უტევდა, რამდენიმე კარგი კომბინაცია ჰქონდა, თუმცა, უმარიც კარგად პასუხობდა. რუსმა მებრძოლმა თეიქდაუნის შესრულებაც სცადა, მაგრამ მერაბმა თავი კარგად დაიცვა. პირველი რაუნდის ბოლოსკენ, ნურმაგომედოვმა დვალიშვილს ძლიერად მოარტყა და საწყისი 5 წუთი დადებით ნოტაზე დაასრულა.
მებრძოლებმა მეორე რაუნდიც ფრთხილად დაიწყეს, თუმცა მალევე გააქტიურდნენ. ორივე მხრიდან ძლიერი შეტევები იყო და მაღალი სისწრაფე შემოგვთავაზეს. მერაბმა თეიქდაუნის შესრულება სცადა, მაგრამ უმარმა თავი შესანიშნავად დაიცვა და დვალიშვილი პარტერში თავად გადაიყვანა, თუმცა, მერაბი მალევე წამოდგა. მეორე რაუნდის დასკვნით ნაწილში, უპირატესობა დვალიშვილის მხარეს იყო.
მესამე რაუნდი, „მანქანამ“ თეიქდაუნის მცდელობით დაიწყო და მიზანს მიაღწია კიდეც, რასაც ძლიერი მარჯვენა მოაყოლა. უმარი მალევე დაბრუნდა და ჩხუბი დგომში გააგრძელა. მესამე რაუნდში დვალიშვილი აშკარად უკეთესი იყო და კიდევ ერთი თეიქდაუნიც შეასრულა, მაგრამ ბოლო წამებზე, უმარმა თეიქდაუნით უპასუხა.
მეოთხე რაუნდი ქართველმა მებრძოლმა თეიქდაუნის მცდელობით დაიწყო, რომელიც უმარმა მოიგერია, მაგრამ მეორედ იგივე არ გამოუვიდა. უმარს დაღლა დაეტყო და შენელდა, „მანქანა“ კი ჩვეულ ტემპში ჩხუბობდა. საჩემპიონო რაუნდში დვალიშვილი დომინირებდა და მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
მეხუთე რაუნდი მერაბმა იგივე სტილში დაიწყო და უპირატესობა ქართველი მებრძოლის მხარეს იყო. მის წნეხთან გამკლავება უმარს უფრო და უფრო უჭირდა და „მანქანა“ ჩხუბს აკონტროლებდა. გადამწყვეტ მომენტებში, როცა ჩემპიონის ბედი წყდება, დვალიშვილი უკეთესი იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 48:47, 48:47, 49:46.
შეგახსენებთ, რომ ამ ორთაბრძოლამდე, დვალიშვილს 18 მოგება და 4 წაგება ჰქონდა, ნურმაგომედოვი კი დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით გახლდათ. მერაბი Pound for Pound რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებდა და ამ ღონისძიების შემდეგ, ცვლილებებს უნდა ველოდოთ.