ქოჩორამ წიტაიშვილის გუნდს გაუტანა | ლევანტემ გრანადას მოუგო
ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ კედლებში გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ დაუპირისპირდა - მატჩი მასპინძლეთა გამარჯვებით დასრულდა (3:1).
21-ე წუთზე როჟერ ბრუგემ ორიოლ რეის პასის შემდეგ ანგარიში გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 35-ე წუთზე „ლევანტეს“ ფეხბურთელები წიტაიშვილის მხრიდან ხელით თამაშის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა ვიდეორეფერიმ წიტაიშვილის წინააღმდეგ წესების დარღვევა დაადგინა.
58-ე წუთზე რეინიერის პასის შემდეგ ლუკას ბოიემ წონასწორობა აღადგინა. 73-ე წუთზე ანხელ ალგობიამ მასპინძლები წინ გაიყვანა, ასისტი კი კარლოს ალვარესმა მიითვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მესამე გოლი გაიტანა და მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა.
ორივე ქართველმა ლეგიონერმა მატჩი სრულად ითამაშა.
ქოჩორამ Sofascore-ისგან 7,3-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 61 შეხება ბურთთან, 1 საკვანძო პასი, 42-დან 36 ზუსტი პასი (86%), 4-დან 2 ზუსტი გრძელი პასი,1 დარტყმა კარში, 5-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 13-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა, 4-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 ჩაჭრა. ქოჩორამ 10-ჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერ დაარღვია წესები, მეტოქეს კი სამჯერ დაარღვევინა წესები.
რაც შეეხება წიტაიშვილის, მას Sofascore-ისგან 7,0-იანი შეფასება ერგო. წიტაიშვილის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 48 შეხება ბურთთან, 24-დან 20 ზუსტი პასი (83%), 1 საკვანძო პასი, 11-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 16-დან 8 ზუსტი პასი (50%), 8-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. წიტამ 15-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაარღვია წესები და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.
23 მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ 39 ქულა, „გრანადას“ კი 34 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ქოჩორას გუნდი 25 იანვარს, გასვლაზე „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გამართავს, წიტაიშვილის „გრანადა“ კი 26 იანვარს შინ „ხიხონს“ დაუპირისპირდება.