„მას ყველაფერი აქვს“ - ლუის ენრიკე კვარაზე
„ლანსთან“ მოგებული გასვლითი მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის ახალწვეულზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
რა თქვა ენრიკემ:
„მას აქვს ყველაფერი, რასაც შეიძლება ახალწვეულისგან ელოდე - ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად დიდი გამოცდილება აქვს, ხასიათი, გოლების გატანისა და დრიბლინგის უნარები, დაცვაში თამაშის უნარები. დღეს შეტევის ხაზმა კარგად ითამაშა, მაგრამ კვარაცხელია ჩვენთვის კარგი გაძლიერება იქნება“.
ცნობისთვის, პსჟ-მ დღეს გასვლაზე ფაბიან რუისის და ბრედლი ბარკოლას გოლებით „ლანსი“ დაამარცხა (2:1).
შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბთან კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარა პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მედიის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, „ნაპოლისთან“ შედარებით, პსჟ-ში კვარას ხელფასი 5-ჯერ გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვარას 29 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ამიტომ სათამაშო კონდიციების აღსადგენად მას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდოდ, მისი დებიუტი 25 იანვარს, პსჟ-რეიმსის მატჩში შედგება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელებს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი - „მანჩესტერ სიტისა“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი კვარას განაცხადში დამატებას შეძლებს.