„ვფიქრობ, მერაბი ამით იყო გაღიზიანებული...“ - რას ამბობს UFC-ის კომენტატორი
UFC-ის კომენტატორმა, ლორა სანკომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა, რომელშიც მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში დაიცავს.
კერძოდ, სანკო გამოეხმაურა მერაბის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ უმარ ნურმაგომედოვი საჩემპიონო ჩხუბს არ იმსახურებდა.
ლორა სანკო:
„მერაბის მწვრთნელი რეი ლონგო უკმაყოფილო იმით, რომ დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ჩხუბი ასე მალე ჩაინიშნა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყო დვალიშვილი ასე გაღიზიანებული.
არ მიმაჩნია, რომ მერაბის წინააღმდეგ რაღაც მზაკვრული შეთქმულება არსებობდა. ვფიქრობ, დვალიშვილს ქამრის დაცვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებოდა“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და მას გამარჯვებაზე 1.35 კოეფიციენტი აქვს.
აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება. ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა.