ლობჟანიძემ ყველა გააოცა - ატლანტა მზადებას შეუდგა
ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, MLS-ის გასული სეზონის მთავარი სენსაცია „ატლანტამ“ შემოგვთავაზა, რომელმაც პლეი ოფის პირველივე ეტაპზე სამი მატჩის ჯამში რეგულარული გათამაშების გამარჯვებული, ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა. აქედან გამომდინარე, ახალი სეზონის დაწყების წინ „იუნაიტედი“ პრესის წარმომადგენლებში დიდი ყურადღებით სარგებლობს.
„ატლანტამ“ 2025 წლის გათამაშებისთვის მზადება ახალი მთავარი მწვრთნელის, რონი დეილის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც უპირატესობას სწრაფ, აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ანიჭებს. მისი იდეების განხორციელებისთვის კი ბუნებრივია კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ახალი დამრიგებელი გაოცებულია საბა ლობჟანიძის კონდიციებით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შვებულებიდან ახალი დაბრუნებულია, უდიდეს დატვირთებს კარგად უძლებს.
რას ამბობს ლობჟანიძე
მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში. მიყვარს ისეთი ტაქტიკური სქემით ასპარეზობა, სადაც უპირატესობა სწრაფ, აგრესიულ, პრესინგზე დამყარებულ და ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე აქცენტირებულ მოქმედებას ენიჭება.
რაც შეეხება სირბილს, თავს არ ვიქებ, მაგრამ იშვიათად ვიღლები. კარგი ფიზიკური მომზადება იმის საწინდარია, რომ გუნდის დასახმარებლად მუდამ მზადყოფნაში იყო. რომელი ფეხით ვთამაშობ უკეთესად? ალბათ ორივეთი, მაგრამ გოლები ძირითადად ცაციათი გამაქვს.
საბასთან დაკავშირებით ახალმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ როდესაც სირბილის დასამთავრებლად ვარჯიშისას სასტვენი გამოიყენა, ლობჟანიძემ ვერ გაიგო და რამდენიმე წუთი ვარჯიშს ისევ აგრძელებდა, სანამ ახლოს არ მივიდნენ და არ გააჩერეს. ცნობისათვის, MLS-ის ახალ სეზონს „ატლანტა იუნაიტედი“ 23 თებერვალს, „მონრეალთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.