რუსების კრახი - პირველად 6-წლიანი პაუზის შემდეგ
ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში არც ერთი რუსი ჩოგბურთელი აღარ დარჩა. ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ათლეტებიდან საუკეთესო შედეგი რეიტინგის მე-19 ნომერმა კარენ ხაჩანოვმა აჩვენა, რომელიც 2025 წლის პირველ დიდი სლემის გათამაშებას მესამე წრეში გამოეთიშა.
კიდევ უფრო ადრე მოუწია შინ გამგზავრება ხუთეულში მყოფ დანილ მედვედევს, ასევე ვერაფერს გახდა ანდრეი რუბლევი, ხოლო რომან საფიულინი (63-ე) და პაველ კოტოვი (97-ე) კი პირველივე მატჩებში დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ მედვედევი წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა - შარშან ის ფინალამდე მივიდა და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ იანიკ სინერთან წააგო.
დიდი სლემის ბოლო 23 ტურნირიდან ეს პირველი შემთხვევაა, რომ გათამაშების მეოთხე წრეში ვერც ერთი რუსი ჩოგბურთელი ვერ მოხვდა - უკანასკნელად ასეთი რამ, 2019 წლის უიმბლდონის პრესტიჟულ ტურნირზე დაფიქსირდა.