ლუის ენრიკე მუდამ ხვიჩას ითხოვდა - პსჟ-ს უარი რეშფორდს და ლეაუს
„პარკ დე პრენსმა“, სადაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ნამდვილი ჯადოქრები, კილიან მბაპე, ნეიმარი და ლიონელ მესი აგორებდნენ ბურთს, კიდევ ერთი საფეხბურთო შოუმენი ხვიჩა კვარაცხელია მიიღო“ - ასე იწყება ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის სტატია პარიზული გრანდის მიერ განხორციელებულ ტრანსფერზე, რომელმაც ბუნებრივია უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.
პსჟ ახლაც მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კლუბისთვის ამ სეზონში თუ არა, მომდევნო წლებში მაინც წარმატების გარანტია იქნებოდა. „ნაპოლიდან“ 70 მილიონად დამატებულ ქართველ ვარსკვლავზე კი საკმაოდ დიდი იმედები მყარდება.
ESPN-ის მოსაზრება ხვიჩაზე
შეიძლება ამ ეტაპზე მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიოსთან კვარაცხელიას შედარება მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ ბოლო წლებში მოედანზე თუ ვინმე შოუმენი იყო და არასტანდარტული სათამაშო მანერით სპექტაკლებს დგამდა, სწორედ კვარაა. ხმაურიან „პარკ დე პრენსს“ კი, სწორედ ასეთი ხმაურიანი მოთამაშეები უყვარს და ისეთები, რომლებიც ბურთის მიღებისთანავე პასის უკან გაკეთებას არ ცდილობენ.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში კლუბის სპორტულმა დირექტორმა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს შეტევის გასაძლიერებლად უამრავი ვარიანტი შესთავაზა - მარკუს რეშფორდი, კარიმ ადეიემი, რაფაელ ლეაუც, თუმცა ესპანელს მხოლოდ და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია სურდა.
ბუნებრივია ხვიჩას ახალ სათამაშო მოდელთან მოუწევს შეგუება, მაგრამ მას რომ სირთულეების არ ეშინია, ამაში სერია A-ში თავის სადებიუტო სეზონშივე ყველა დაარწმუნა, როდესაც „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, ხოლო თავად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მის საყვარელ მარცხენა ფლანგზე წლევანდელ სეზონში ბრედლი ბარკოლა დიდებულად თამაშობს, მაგრამ ხვიჩას ორიცე ფეხით და სხვადასხვა პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა. თანაც, ენრიკეს, რომელიც ამდენ ხანს ცდილობდა ქართველის დამატებას, მისი როლიც მოფიქრებული ექნება.
ცნობისათვის, ლუის ენრიკესა და ხვიჩა კვარაცხელიას გზები პირველად 2021 წლის 28 მარტს გადაიკვეთა, როდესაც მისმა მომზადებულმა ესპანეთის ნაკრებმა თბილისში საქართველოს ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა შორის კი ერთადერთი და ბრწყინვალე გოლი სწორედ კვარამ გაიტანა.