„როცა საუკეთესო ხარ, სულერთია შენ წინ ვინ დგას“ | მახაჩევის კომენტარი ახალ მეტოქეზე
UFC 311-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ცარუკიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.
მახაჩევს ახალი მეტოქე ჰყავს. დენა უაითის თქმით, ისლამი მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს რენატო მოიკანოს წინააღმდეგ დაიცავს. მოიკანოს ბენილ დარიუშთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ მოულოდნელად, ტიტულის დასაკუთრების შანსი მიიღო. მომხდართან დაკავშირებით, მახაჩევმა კომენტარი გააკეთა და X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„რას წარმოადგენს ეს ქამარი? ეს ქამარი ნიშნავს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარ და თუ მსოფლიოში საუკეთესო ხარ, სულერთია, შენ წინ ვინ დგას. რა უნდა მეთქვა? არა?! არასდროს! წავედით“.
"What does this title represent? It means you're the best in the world and if you're the best in the world, it doesn't matter who's going to be standing across from you. What do I say? No? NEVER. Let's do this!" pic.twitter.com/Nyj05z1mGs
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) January 17, 2025
ცნობისთვის, მოიკანოს ბოლო 6 ორთაბრძოლიდან ხუთი მოგებული აქვს და ერთადერთი, ვისთანაც დამარცხდა, რაფაელ დოს ანიოსია, თუმცა, ეს 2022 წელს მოხდა. რენატომ ბოლო 4 ორთაბრძოლაში ბენუა სენტ დენი, ჯელინ ტერნერი, დრიუ დობერი და ბრედ რიდელი დაამარცხა.