ლაკაზეტი ვერ ითამაშებს | ტულუზასთან მიქაუტაძე ძირითადში იქნება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ტულუზას“ დაუპირისპირდება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მასპინძლის რანგში იქნება და ფონს გასვლა ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე მოუწევს.
„ლიონის მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი გუნდის კაპიტნის, ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე იქნება. 33 წლის თავდამსხმელს კუნთის ტკივილი აწუხებს და თავის დაზღვევის მიზნით, ის სამატჩო განაცხადში არაა. გამომდინარე აქედან, ძირითადში გიორგი მიქაუტაძე დაიწყებს“, - წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი.
ცნობისთვის, 17 ტურის შემდეგ, „ლიონს“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. „ტულუზა“ მასთან ახლოსაა და 4 ქულით ჩამორჩება. მატჩი თბილისის დროით, 19 იანვარს, 00:00-ზე დაიწყება.
გეტყვით იმასაც, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 8 ბურთი შეაგდო.