ბუდუს დუბლიორი ბუდუს შემცვლელად - ვინ დაიმატა კარლსრუემ
„ჰაიდენჰაიმში“ წასული გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერის, ბუდუ ზივზივაძის შემცვლელზე „კარლსრუეს“ ხელმძღვანელობას დიდხანს არ უფიქრია და იმავე „ჰაიდენჰაიმიდან“ ის მიკელ კაუფმანი დაიმატეს, რომელსაც კლუბში ქართველი ფორვარდის მისვლის შემდეგ სათამაშო დრო საგრძნობლად შეეზღუდა. 24 წლის დანიელ ფორვარდთან საიჯარო ხელშეკრულება წლევანდელი სეზონის ბოლომდე გაფორმდა და მისი დებიუტი სავარაუდოდ კვირას, „ნიურნბერგთან“ გასვლით შეხვედრაში შედგება.
კაუფმანისთვის „კარლსრუე“ უცხო გუნდი არ არის - ის აქ 2022/2023 წლების სეზონში თამაშობდა და 30 შეხვედრაში თავი 10 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. თუმცა, ჯერ „უნიონ ბერლინში“, ხოლო შემდეგ „ჰაიდენჰაიმში“ გადასულმა გაცემნული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და ახლა იმედი აქვს, რომ იმ გუნდში, სადაც თამაშის ყველაზე მაღალი ხარისხი აჩვენა, ძველებურ კონდიციებს აღიდგენს.
ცნობისათვის, „კარლსრუედან“ წასული ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერობას 12 გოლით ჯერ კიდევ ინარჩუნებს. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „ჰაიდენჰაიმი“ ხვალ, მეორე წრის პირველ ტურში საკუთარ სტადიონზე „ზანკტ პაულს“ უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება.